როგორ გახდა ებრაელი ბიჭი რაიხის ყველაზე ახალგაზრდა ნაცისტი

1941 წლის ოქტომბერში ხუთი წლის ილია გალპერინი უახლოესი ადამიანების სიკვდილით დასჯას შეესწრო – მისი დედის, დის და ძმის. ნაცისტებმა ისინი ასობით სხვა ებრაელთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ბელორუსის პატარა ქალაქ ძერჟინსკში (ახლანდელი ტორეცკი). ის თავად სასწაულებრივად გადაურჩა ხოცვა-ჟლეტას და ტყეში მიიმალა, მაგრამ ებრაელი ბავშვისთვის, რომელიც გერმანულ ოკუპაციაში აღმოჩნდა, ეს მხოლოდ სიკვდილის დაგვიანებას ნიშნავდა. თუმცა, საბედნიეროდ, ბედმა სხვაგვარად დაადგინა და ილიას ხანგრძლივი ცხოვრება აჩუქა.

მარტო დარჩენილი ილია გალპერინი დახეტიალობდა შემოდგომის ცივ ტყეებში, ჭამდა კენკრას და ღამეს ხეებზე ათევდა, რათა არ გამხდარიყო მგლების ან სხვა ველური ცხოველების მსხვერპლი. ღამეები ცივი იყო, მაგრამ ბავშვმა მოახერხა გზებზე ნაპოვნი ცხედრებიდან თბილი ტანსაცმლის აღება.

როდესაც ბიჭი გზად ფერმებსა და სოფლებს აწყდებოდა, კარებზე აკაკუნებდა. ზოგჯერ საცხოვრებელს და საკვებს იღებდა, მაგრამ უფრო ხშირად პასუხი უარი იყო. ხალხს ეშინოდა ბავშვის სახლში შეშვება იმის გამო, რომ ის შესაძლოა ებრაელი ყოფილიყო. ებრაელებისთვის თავშესაფრის და საკვების მიცემა აკრძალული გახლდათ, დამრღვევებისთვის კი, სასჯელი სიკვდილი იყო.

ილიას არ ახსოვდა, რამდენ ხანს გაგრძელდა მისი ხეტიალი – დაქანცული და მშიერი ბავშვის გონებაში ყველა დღე შეერწყა სიკვდილისგან ერთ უიმედო გაქცევას, რომელშიც არ იყო საათები, დღეები და კვირები. შესაძლოა, ბიჭი ათასობით სხვა ობოლივით დაღუპულიყო ტყეში, მინდორში ან ფერმერების ვერანდაზე გაყინულიყო…

ერთ-ერთ სოფელში პატარა მაწანწალაში ერთ-ერთმა გლეხმა იცნო ებრაელი ბიჭი და ნაცისტების კეთილგანწყობის მოპოვების სურვილით, ილია სკოლის შენობაში მდებარე ბატალიონის შტაბში წაიყვანა. გზაში მან ბავშვს სასტიკად სცემა და რამდენიმე თბილი ტანსაცმელიც წაართვა.

ქვედანაყოფი, რომლის შტაბშიც ბიჭი აღმოჩნდა, მე-18 ლატვიური შუტცმანშაფტის ბატალიონი „კურზემესი“ იყო. ამ ქვედანაყოფის ამოცანა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები, ებრაელების განადგურება და პარტიზანული რაზმების წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ. ზოგადად, ილიასთვის ლატვიელ ნაცისტებთან შეხვედრა კარგად არ უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯარისკაცში – კაპრალ კულისში – ვისაც გლეხმა ბავშვი ჩააბარა, ყველაფერი ადამიანური ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. კაპრალი მიხვდა, რომ ილია ვერ იცოცხლებდა, მას რომ რაიმე არ მოეფიქრებინა. ამიტომაც, ბავშვს ებრაული წარმომავლობის გამხელა კატეგორიულად აუკრძალა.

 

ამგვარად, ილია გახდა ალექსეი – რუსი ბიჭი, რომელმაც ომის არეულობაში მშობლები დაკარგა და საკუთარი გვარიც კი არ ახსოვდა. ბატალიონში მას დაარქვეს სახელი ალექს კურზემი. ბატალიონში ალექსს საქმეც მიუჩინეს: სამზარეულოში მზარეულებს ეხმარებოდა, ჯარისკაცების ჩექმებს წმენდდა, ღუმელებს ანთებდა და წყალს ატარებდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ალექსი მათი ერთ-ერთი სრულყოფილი წევრი გახდა. ლიტვური ისე ისწავლა, ჯარისკაცებთან ერთად პატრიოტულ სიმღერებსაც კი მღეროდა. შემდეგ ნამდვილი ფორმაც აჩუქეს და მინიატურული პისტოლეტიც გადასცეს.

ალექსმა ლატვიელებთან ერთად მოიარა მთელი ბელორუსია და მრავალი გადამწვარი სოფელი, მრავალი სიკვდილი ნახა. მოგვიანებით, როგორც ზრდასრული მამაკაცმა, თავის ირიბ მონაწილეობაზე ამ მოვლენებში განაცხადა:

„უბრალოდ, იძულებული ვიყავი, მეყურებინა, რა ხდებოდა. ომი ვერ შევაჩერე. მე წამიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ყველა ეს მკვლელობა ჩაიდინეს. ვერაფერს ვაკეთებდი, ვერაფერს. ვიცოდი, რომ ცუდი იყო. ვტიროდი… ხანდახან ვნანობდი, რომ დედასთან ერთად არ მესროლეს“.

მრგვალსახიანმა, ლამაზმა ბიჭმა ნაცისტი ჟურნალისტების ყურადღება მალევე მიიქცია. გერმანული გამოცემები სავსე იყო „რაიხის ყველაზე ახალგაზრდა ნაცისტის“ პორტრეტებითა და მისი ისტორიით, რომელიც გებელსის პროპაგანდისტებმა შესაშური სილამაზით წარმოაჩინეს.

როცა ნაცისტები დამარცხდნენ, ილია რიგაში მოხვდა, სადაც საკონდიტრო ქარხნის დირექტორის ოჯახმა იშვილა. შემდეგ ოჯახს გერმანიაში მოუწია გადაცხოვრება, სადაც ილიამ დამცირება და გაჭირვება კიდევ ერთხელ გამოიარა. მერე ავსტრალიაში წავიდნენ, სადაც, საბოლოოდ, ბავშვის მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

ალექს კურზემი მთელი ცხოვრება ინახავდა ბავშვობის საიდუმლოს. მისმა ცოლმა და შვილებმაც კი არ იცოდნენ მისი SS-ში მსახურების ამბავი. მან ყველას მოუყვა, რომ ოჯახი დაკარგა და ლატვიელებმა იშვილეს. 1997 წელს მამაკაცმა გადაწყვიტა და გაამხილა თავისი საიდუმლო. ცოტა მოგვიანებით, ამაზე წიგნიც დაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები