“სოფელ ყინჩაურში, დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მეწყერი განვითარდა. მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”,- ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხერხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანა სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.
“ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით, მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური კერიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.
მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას აგრძელებს საგანგებო რეჟიმში. მერიაში, 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72”, – ნათქვამია ინფორმაციაში.