უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა – დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა დახმარება მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვინც ამას საჭიროებს.
“ხაშურის მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე; მობილიზებულია იყო ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ა(ა)იპ ორგანიზაცია.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა – უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.
გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს.
მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა, განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდინარეობას ხელს უშლიდა.
გარდა მუნიციპალური სამსახურებისა, სამუშაოების მიმდინარეობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ენერგოპრო ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია გაზის, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა დახმარება მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვინც ამას საჭიროებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.