სასამართლო ტარიელ ფოცხვერიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ე.წ. კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებული პირების – ტარიელ ფოცხვერიას, თორნიკე ჯიშკარიანის, ილია სახელაშვილის, რეზო ხარძიანის, ნიკოლოზ ბაციაშვილისა და ლევან ხერხაძის მიმართ.
როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ ბრალდებული ლევან ხერხაძე უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა, ხოლო ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებულები სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. “კანონიერი ქურდობისათვის” ბრალდებულ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს – თორნიკე ჯიშკარიანს, ილია სახელაშვილს, რეზო ხარძიანსა და ნიკოლოზ ბაციაშვილს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულთა და მათი ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დარბაზის დატოვებისას, სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა – ბიძინა ჯიშკარიანმა დაარღვია წესრიგი და სასამართლოს მიმართ გამოხატა აშკარა და უხეში უპატივცემულობა, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც ბიძინა ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განკარგულებით დაჯარიმებულ იქნა 300 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები