ალტ-ინფოს წევრმა, ბექა ვარდოსანიძემ რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
„არაფერი არ მაქვს დასამალი, ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ფოსტა, მიმოწერები და ასე შემდეგ. გამოჩნდება, მე არაფერი არ მაქვს დასამალი“, – განაცხადა ვარდოსანიძემ.
როგორც მისმა ადვოკატმა, სერგო ხურციძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უწყების წარმომადგენლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ვერ იპოვეს.
„აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ჩვეულებრივად, მშვიდ ვითარებაში გაეხსნათ მისი ელექტრონული ფოსტა და შეემოწმებინათ, გაგზავნილი იყო თუ არა შეტყობინება. გახსნეს და აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ გაგზავნილი არაა. კიდევ მოვალთ აქ და საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.
ფაქტს წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედისთვის“ ოფიციალურ მეილზე, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელების მუქარასთან.