ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გიორგი კავლელაშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც.
გიორგი კავლელაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ის „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გამოწერის შემდეგ გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილმა ცოლი, ქეთევან ედიბერიძე მოკლა. ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.