ილია ჭავჭავაძე და თბილისში ანთებული პირველი ნათურა – როგორ დაიწყო დედაქალაქის ელექტრიფიკაცია

თბილისის ელექტრიფიკაცია მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, თავდაპირველად ტფილისში, გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) გამზირზე მდებარე შენობების, ბანკის და თეატრის ელექტრიფიცირება მოხდა.  შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა თბილისში პირველი ნათურა აინთო.

გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ტფილისში მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად, ახალი ჰესის ასაშენებლად რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. საუბარი იყო მადათოვის კუნძულზე, მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან და მდინარე ხრამზე სოფელ არუხლოსთან. საქართველოს გასაბჭოების გამო, ვერცერთი ეს პროექტი ვერ განხორციელდა.

1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირო სახსრებიდან 750 ათასი ოქროს მანეთი მიიღო და მშენებლობაც დაიწყო.

ჰესის პირველი რიგი საექსპლუატაციოდ 1927 წელს გადაეცა. ზაჰესის ოთხი ტურბინიდან სამი გერმანიაში, ფრიცნოიმაიერის ქარხანაში დამზადდა. სრული სიმძლავრით, ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები