ეკატერინა ბაგრატიონი, იგივე „უსაცვლებო პრინცესა“

“უსაცვლებო პრინცესა” ეკატერინა ბაგრატიონი, როგორც მას ვენის დიდგვაროვნები უწოდებდნენ, ძალიან საინტერესო ქალი იყო.

ბაგრატიონის გვარი ქმრისგან, პეტრესგან აიღო, ვისი ცოლიც სრულიად მოულოდნელად და “დაუგეგმავად” გახდა ერთი ახირებული კაცის, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილების გამო.

ეკატერინა სულ სხვა კაცზე იყო შეყვარებული. კაცს პიტერ ვონ პალენი ერქვა და წყვილი ქორწილსაც გეგმავდა, მაგრამ იმპერატორმა პავლე პირველმა, ცნობილმა ექსცენტრიკოსმა, ყური მოკრა, რომ მის ერთგულ “პრინც ბაგრატიონს” მეჯლისზე თვალი მოუკრავს დიდგვაროვანი ქალისთვის და ერთი ნახვით გამიჯნურებულა. ეს საბაბი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ საჯაროდ გამოეცხადებინა “ბაგრატიონისა და სკავრონსკაიას ქორწილში თამადა მე უნდა ვიყოო.

ყველაფერი “თათარიახლად” დაიგეგმა. ისედაც ვინ გაუბედავდა მეფეს სიტყვის შებრუნებას და თანაც, ეკატერინას დედას, ასევე ეკატერინა ენგელჰარტს გვარიანად მოუნდომებია (თვითონ ბიძამისის პრინც პოტიომკინის საყვარელი იყო) და “სარფიანად” გაუთხოვებია შვილი.

ხელოვნურად შექმნილი ოჯახი ვერ შედგა. სამეფო კარზე ჭორაობდნენ, ბაგრატიონმა ცოლს ყველაფერი, მათ შორის გვარიც მისცა, ცოლმა კი სრულიად არაფერიო.

როგორც ჩანს, პეტრეს მართლაც ძალიან უყვარდა ცოლი. როდესაც ეკატერინა ევროპაში სამოგზაუროდ, მერე კი საცხოვრებლად წავიდა, ქმარმა ვერაფერი გააწყო. ასობით წერილი, რომელსაც მეუღლეს უგზავნიდა, რუსეთის ხელნაწერთა ფონდში ახლაც ინახება. ყველა მათგანი ძალიან დიდი სიფრთხილითა და სიყვარულითაა დაწერილი, მაგრამ ეკატერინა ქმრის მიმართ იყო სრულიად გულცივი, რასაც ვერ იტყვი მის საყვარლებზე, რომელიც ქალს მთელი ცხოვრება უხვად ჰყავდა.

ეკატერინა ბაგრატიონი ავანტიურისტი და ძალიან გონიერი ქალი იყო. მისი ეტლი პატარა ოთახი იყო, სადაც საწოლი ედგა “რუსული თოვლივით პირისკანის” (პეტრეს წერილიდან) ქალს, რომ გზაში თანმხლებ საყვარლებთან “დრო არ დაეკარგა”.

პეტრეს ყველაფერს უყვებოდნენ, მაგრამ გადაკვრით, რადგან ფიცხი ქართველი ბრაზდებოდა მის ცოლზე რამე ცუდის თქმის შემთხვევაში და ამბობდა, რომ “მისი პირადი საქმეა რა ხდება მასსა და ეკატერინას შორის”.

ქალი ძალიან ვნებიანი და ლამაზი უნდა ყოფილიყო (ერთდროულად იყო საყვარელი ორი უდიდესი ფიგურისა: პრინც ფერდინანდის და კლემენს მეტერნიხის, მთავრობის რეალური მმართველისა. ორივეს ერთ სასახლეში, ერთ სართულზე ეძინათ, ეკატერინას კი, ორივესთან მონაცვლეობით), მაგრამ მისი მთავარი “ნიჭი” მაინც ძალიან ნათელი გონება და ძლიერი დიპლომატიური უნარები იყო.

ნაპოლეონი მას ყველაზე ძლიერ ოპონენტად მოიხსენიებდა პრივატული დეპატებისას, გოეთე კი, ვინც ძალიან ახლოს იცნობდა ეკატერინას, აღფრთოვანებული იყო ქალის “მამაკაცისებური” ლოგიკით.

ეკატერინა ბაგრატიონმა ცხოვრება თითქმის ღარიბმა დაასრულა (იმდროინდელი გადმოსახედით). სიცოცხლის ბოლო წლებში, მეორე ქმართან ცხოვრებისას გაყიდა ყველა ძვირფასეულობა, რაც თაყვანისმცემლებმა აჩუქეს.

ეკატერინა ბაგრატიონის რამდენიმე ნახატია შემორჩენილი. ყველაზე კარგად ქალი ვოლკოვის ტილოზეა. პეტრემ სიკვდილამდე ორი ნამუშევარი შეუკვეთა მხატვარს, მისი და ცოლის, რომელიც, როგორც ჩანს ყველაზე მეტად უყვარდა ქალებს შორის (ცნობილია, რომ თვითონ პეტრეს ნახევარი რუსეთის ქალები ეტრფოდნენ).

როდესაც რუსებს რაიმე ცუდის თქმა სურთ ხოლმე ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მხედართმთავარზე (ზოგადად, ის ძალიან უყვართ რუსებსაც), ასე ამბობენ: ბაგრატიონს ჰყავდა ცოლი, ვინც მეეტლესაც კი არ ეუბნებოდა უარს, მაგრამ პეტრე ბრძოლის ველზე უკეთესად იქნევდა ხმალსო.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები