კენ სმიტი — როგორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „განდეგილის“ ისტორია (ნაწ.2)
სტატიის პირველი ნაწილი წაიკითხეთ ბმულზე: https://kvira.ge/979219
მიზეზები
ლიზი მაკენზის და კენ სმიტს შვიდწლიანი მიმოწერა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ერთმანეთს 2012 წელს შეხვდნენ. 2019 წელს ლიზიმ „განდეგილის“ შესახებ პატარა ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა, გაეგო, რამ აიძულა კენი და სხვა ადამიანები, გადაედგათ ამგვარი ნაბიჯი. სმიტის შემთხვევაში შეიძლება, ყველაფერი ფიზიკურ და სულიერ ტრავმას მივაწეროთ, მაგრამ მაკენზიმ საკუთარ მაგალითზე შეამჩნია, თუ როგორ განსხვავდება ცხოვრება ბუნებასა და ქალაქში.
ცივილიზაციაში ცხოვრება ჩვენგან გრძნობების შეზღუდვას ითხოვს. იმისთვის, რომ ნორმალურად ვიფუნქციონიროთ თანამედროვე ცხოვრებაში, იძულებულები ვართ, აღვმართოთ დამცავი ბარიერები.
მაკენზი თვლის, რომ „განდეგილები“ ადამიანებისგან მიდიან არა იმიტომ, რომ ურთიერთობებს გაურბიან ან სძულთ კაცობრიობა, არამედ იმიტომ, რომ მათ ჩარჩოები ზღუდავთ, რომლებიც ხელს უშლიან ცხოვრებაში და გრძნობებში, სამყაროს აღქმაში…
ახალი სახლი
წერილში, რომელიც კენმა მშობლებს 1979 წელს ინგლისში დაბრუნებამდე გაუგზავნა, წერდა, რომ იმედი ჰქონდა, მათ მალე ნახავდა. როდესაც მისი თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში დაეშვა, მოგზაურმა შეიტყო, რომ სამყარო, რომელშიც დაბრუნების იმედი ჰქონდა, აღარ არსებობდა – მისი მშობლები გარდაიცვალნენ, როცა ის საზღვარგარეთ იყო.
ვერაფერი ვერ ვიგრძენი, დავიწყე ქვეყანაში ბოდიალი. რაღაც მომენტში მშობლები გავიხსენე და ტირილი დავიწყე, მთელი გზა ვტიროდი
შემდეგ მან გადაწყვიტა, ეპოვა ყველაზე იზოლირებული ადგილი ბრიტანეთის კუნძულებზე. ამ თავშესაფრის საძიებლად მან მთელი ქვეყანა მოიარა, სანამ მაღალმთიანეთში, Lough Traig-ის („სიკვდილის ტბა“) ნაპირებზე არ აღმოჩნდა. კენმა მიმოიხედა ირგვლივ და მიხვდა, რომ ეს იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც მას შეეძლო, დასახლებულიყო, სამყაროსთან ჰარმონიაში ეცხოვრა და შეჰგუებოდა ყველა ტრავმასა და დანაკარგს.
მორებისგან ააშენა ქოხი, შემდეგ იქვე მოათავსა პატარა ფარდული შეშის გასაშრობად და საკვების შესანახად, გააშენა ბოსტანი და დარჩა საცხოვრებლად ტბის ნაპირზე. კენი თევზაობდა, კრეფდა კენკრასა და თხილს და აფიქსირებდა თავის ცხოვრებას საბჭოთა „ზენიტის“ კამერით, რომელიც მან ჯერ კიდევ 70-იან წლებში იყიდა.
თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სმიტი სრულ ასკეტად გადაიქცა. მაგალითად, მან თავის „სამკვიდროზე“ პატარა სახდელი ქარხანა აღჭურვა და ამზადებს გარკვეულ სასმელს, რომელსაც თავად ღვინოს უწოდებს და სიამოვნებით უმასპინძლდება სტუმრებს. გარდა ამისა, მის სახლში ბევრი წიგნია და ის ცდილობს, შეავსოს თავისი ბიბლიოთეკა, როცა ხანდახან ქალაქში გადის.
მაგრამ, პირველყოვლისა, კენის ქოხი სავსეა მოგონებებით – მისი მშობლებისა და მეგობრების ასობით ფოტოსურათი, მრავალი დღიური, რომელსაც ის ხუთი წლის ასაკიდან ინახავდა… „განდეგილის“ სახლი მისი სამუდამოდ დაკარგული წარსულის ერთგვარ მუზეუმად იქცა.
პაემანი სიკვდილთან
2019 წელს ლიზი მაკენზი რამდენიმე დღით კენს ეწვია დოკუმენტური ფილმის მასალის გადასაღებად. იქ ყოფნისას, ერთ საღამოს მოხუცი სახლის ზღურბლთან დაეცა, რაღაცას დაეჯახა და თავი დაარტყა.
ნაიარევი სწრაფად განიკურნა, მაგრამ 10 დღის შემდეგ, რაც მაკენზი ფირის დასამონტაჟებლად წავიდა, მას შეატყობინეს, რომ სმიტი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე ქალაქ ფორტ უილიამის საავადმყოფოში ინსულტით. „განდეგილმა“ მოახერხა სიგნალის გაგზავნა GPS მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც მას ადგილობრივმა მოსახლეობამ მისცა.
მან შვიდი კვირა გაატარა საავადმყოფოში, მაგრამ, როდესაც ფორტ უილიამის ოფიციალურმა პირებმა კენს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ბინაში გადასვლა შესთავაზეს, უარი თქვა. სმიტმა აღიარა, რომ ქალაქში ცხოვრება მისთვის ბევრად უფრო ადვილი და უსაფრთხო იქნებოდა ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ის ვერ გაუძლებდა საკუთარ სახლთან სიშორეს.
როდესაც ინსულტი მქონდა, საშინელება იყო. ლოცვა მოვახერხე, მერე მიწაზე დავეცი… შემდეგ კი საოცარმა სიმშვიდემ შემიპყრო. ისეთი უცნაური იყო… თოვლში ვიწექი, არც შიში და არც მღელვარება არ მქონია.
ყველაფერი სწრაფად დასრულდება
როგორც კი ლიზი მაკენზიმ გაიგო, რაც მოხდა, სასწრაფოდ გაემართა ფორტ უილიამში და დარჩა კენთან, სანამ გამოჯანმრთელდებოდა. მოგვიანებით, მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა ფილმის გადაღება.
ფორტ უილიამში ექიმებმა გულდასმით შეაფასეს სმიტის ჯანმრთელობა, შემეცნებითი და ფიზიკური შესაძლებლობები, სანამ მას კვლავ Lough Traig-ში დააბრუნებდნენ. გარდა ამისა, იგი აღჭურვეს სპეციალური სატელიტური მოწყობილობით, რომელიც „განდეგილმა“ უნდა ჩართოს ყოველ კვირას 15 წუთის განმავლობაში და აცნობოს ქალაქს, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა.
მართალია, ინსულტი თავს იჩენს ხოლმე, მაგრამ ეს სმიტს მოსწონს კიდეც. ის ამბობს, რომ ახლა მის თვალწინ ხანდახან ფერადი ტალღები ანათებენ. „ძალიან ლამაზია. ყოველ შემთხვევაში, ინსულტის შედეგები ნამდვილად არ არის მახინჯი“, – იხუმრა მან.
ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი „განდეგილს“ ყოველ რამდენიმე კვირაში აწვდის საკვებს და ფოსტას. ახლა კენს არ უწევს 40 კილომეტრის გავლა უახლოეს საფოსტო ყუთამდე. დროთა განმავლობაში სმიტი გახდა ცნობილი სახე და აგრძელებს ვრცელ მიმოწერას, მათ შორის, ყოფილ შეყვარებულთანაც.
კენი სიკვდილს დიდი მოწიწების გარეშე უყურებს. მან კარგად იცის, რა ასაკისაა და რა მოხდება, თუ ისევ დაავადდება. თუმცა, მოხუცი არ აპირებს მარტოობის დათმობას იმის შიშით, რაც გარდაუვალია.
თუ ისევ ავად გავხდები, ეს მალე დამთავრდება. თუ არა, ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, 102 წლამდე ვიცოცხლებ