სად მდებარეობს „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ და როგორია მისი ისტორია
„ჯოჯოხეთის კარიბჭე“ ბუნებრივი აირის საბადოა თურქმენეთში, აჰალის პროვინციის სოფელ დერვაზაში. ის წარმოადგენს ბუნებრივი აირის წყაროს, რომელიც შეუწყვეტლად იწვის მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა პირველად აანთეს. დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიებზეც.
ეს აირის საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. სახელი „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ მას ადგილობრივებმა უწოდეს. ამ კარიბჭის კრატერის დიამეტრი 70 მეტრია.
ამ ადგილის ისტორია კი ასეთია: საბჭოთა მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აქ ნავთობის საბადო უნდა ყოფილიყო. საბადოს პოვნის შემდეგ დაიწყეს აირის შენახვა, მაგრამ მიწა მთელი სათხრელი მოწყობილობისა და ბანაკის ქვეშ, დიდ კრატერში ჩაინგრა და გაუჩინარდა. ამ ინციდენტის დროს არავინ არ დაშავებულა, თუმცა დიდი რაოდენობით მეთანის აირი გამოთავისუფლდა და შეიქმნა გარემოს დაბინძურების პრობლემა, რომელიც ახლომახლო მცხოვრები ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხე გახდა.
ეშინოდათ, რომ კიდევ უფრო მეტი სხვა მომწამლავი აირები გამოთავისუფლდებოდა და მეცნიერებმა მისი დაწვა გადაწყვიტეს. მათ იფიქრეს, რომ მეთანის დაწვა უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე მისი გამოლევის მცდელობა, რაც საკმაოდ ძვირიც დაჯდებოდა. ისინი ელოდნენ, რომ აირი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწვებოდა, მაგრამ იგი დღესაც იწვის.