“ჩვენი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა, 10-ზე მეტი ქათამი მოკლა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, ეს ამბავი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა, ვიდეო ვინ გადაიღო არ ვიცი. ახლა გამოააშკარავეს”, – ამის შესახებ მარნეულში, ძაღლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის დედა აცხადებს.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცმა წარსულში არასრულწლოვანზე იძალადა, დაკავებულის დედა უარყოფს.
“ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5-მა პირმა სასტიკად სცემა, დანას ეძებდნენო, თქვა ჩემმა შვილმა, მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში მოიყვანეს. პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი შვილი საწოლში იყო – ნაცემი.
ბრალი დასდეს, თითქოს, მეხუთეკლასელზე იძალადა, ეს ტყუილია, გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაა-თქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ”, – ამბობს დაკავებულის დედა ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც მამაკაცის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული. მამაკაცი დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც იყო მხილებული.