გიორგი ცუცქირიძე: ყველა ქართველ პატრიოტს ვულოცავ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ეს ისტორიული მოვლენა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ!

ყველა ქართველ პატრიოტს ვულოცავ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, რაც წინა არაერთი თაობის ოცნება იყო, ხოლო როგორც ისტორიული მოვლენა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე და მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლამის სერიალად ქცეული ხელისუფლების პრორუსულობის თემაც დახურულია.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით საქართველო იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დაცემის პერიოდიდან დაკარგა. ქვეყანა კვლავ ხდება ევროპული ცივილიზაციის სამხრეთ კარიბჭე. ახალი გამოწვევა, კი უკვე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იქნება, რადგან ევროკავშირში წევრობის სტატუსისთვის განაცხადი ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს. ევროკავშირის ახალი გაფართოების სავარაუდო დროდ 2030 წელია მიჩნეული. მეტად საინტერესოა, ევროკავშირის ბოლო გაფართოების დროს ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის მაგალითი კანდიდატის სტატუსიდან კანდიდატამდე.

ბულგარეთმა და რუმინეთმა ევროკავშირის წევრობისთვის 1995 წელს მიმართეს. ორივე მათგანთან ევროკავშირმა წევრობის მოლაპარაკებების პროცესი 1999 წელს დაიწყო. ბულგარეთმა და რუმინეთმა წევრობის ხელშეკრულებას ხელი 2005 წელს მოაწერეს და საბოლოოდ ევროკავშირს 2007 წლის პირველ იანვარს შეუერთდნენ. ხორვატიამ წევრობის განაცხადი 2003 წელს გააკეთა და ევროკავშირში 2013 წელს შევიდა. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ვადა საშუალოდ 10 წელს მოიცავდა. ნიშანდობლივია, რომ  წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ გულისხმობს მოლაპარაკებების ავტომატურად დაწყებას, რადგან ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის აბსოლუტური თანხმობაა საჭირო. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ ევროკავშირის სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან. ეს ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითებიდან ჩანს, თუმცა ჩვენი პლუსი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად,  უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება. დღეს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაც წევრობის სტატუსზე მოლაპარაკებების, რაც შეიძლება სწრაფად დაწყებაშია და შესაბამისად, სავარაუდოდ 7 წელიწადში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსსაც მიიღებს!

გაწევრიანების პროცედურული ნაწილი კი მოიცავს: ევროკომისიის მხრიდან მოლაპარაკებების ჩარჩოს მონახაზს, რომელსაც ასევე ათანხმებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან.

თავის მხრივ, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, კანდიდატი ქვეყანა ემზადება ევროკავშირის კანონებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისათვის, რაც მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობასა და კანდიდატ ქვეყანას შორის თავსებადობის მიღწევას. კანონმდებლობა შედგება მოლაპარაკების 35 თავისგან, რომლებიც 6 ჯგუფადაა დაყოფილი და მრავალ ასპექტს ითვალისწინებს. მათ შორის უნდა გამოიყოს, როგორც სამართლებრივი და ფუნდამენტური უფლებები, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა და ეკონომიკურ კრიტერიუმები, ასევე ისეთი საკვანძო საკითხები როგორებიცაა – შიდა ბაზარი, დასაქმებულთა უფლებები, კონკურენაცია და ინკლუზიური ზრდა, კლიმატთან, ტრანსპორტთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებული მწვანე დღის წესრიგი, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება და საკვების უსაფრთხოება, საგარეო უსაფრთხოება და თავდაცვა.

როდესაც კანდიდატი ქვეყანა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ამ მოთხოვნა დააკმაყოფილებს,  მთავრდება მოლაპარაკებების პროცესი. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და წევრობის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ამის შემდეგ ამტკიცებს წევრობის ხელშეკრულებას, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტი თარიღია მითითებული.

მიმაჩნია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის საკითხები ჩვენი ქვეყნისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან უშუალოდ თითოეულ ჩვენთაგანზე დადებითად აისახება. მოიცავს როგორც ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც ითვალისწინებს სიღარიბის შემცირებას სამუშაო ძალის ფართო ჩართულობით ანუ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ასევე განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ეკოლოგიას და უსაფრთხოებას, რაც უნდა ვაღიაროთ ჯერ კიდევ შორსაა ევროპული სტანდარტებიდან. ეს კი ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს, ჯანსაღ პროდუქტებს, შედარებით ხარისხიან გზებს და მეტ სუფთა ჰაერსაც.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ  სარგებელს, სწორედ კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე პერიოდში ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამ პერიოდში შევიდა ყველაზე მათი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობა, გაიზარდა ხელფასები და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი!

ყველა ქართველ პატრიოტს ვულოცავ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, რაც წინა არაერთი თაობის ოცნება იყო, ხოლო როგორც ისტორიული მოვლენა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე და მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ!

რაც შეეხება ოპოზიციას, ვიქნებოდი კორექტული და დიდად არც არაფერია სათქმელი…ლამის სერიალად ქცეული ხელისუფლების პრორუსულობის თემაც, ვფიქრობ დახურულია“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები