“ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის პროცესში “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო” ჩაერთვება, ცენტრები მეტად მობილიზებულები იქნებიან, რომ რაიმე გადაცდომა არ მოხდეს” – გიორგი შიოლაშვილი

“ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის პროცესში “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო” ჩაერთვება, ვფიქრობ, ამ სახის მონიტორინგი ეფექტიანი იქნება, ცენტრები უფრო მეტად მობილიზებულები იქნებიან, რომ რაიმე გადაცდომა არ მოხდეს”, – ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შიოლაშვილმა ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

“ცვლილებები 2024 წლიდან იგეგმება. ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის პროცესში “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო” ჩაერთვება, რაც ვფიქრობ, კარგია. ზოგადად, ის პრობლემა, რომ ყველა ტექინსპექტირების ცენტრში ინსპექტირების პროცესის განხორციელება მაქსიმალურად ერთგვაროვნად უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოწვევაა. არის პარამეტრები, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება, ფაქტობრივად, ადამიანური ფაქტორის ჩარევის გარეშე ხდება, მაგალითად, გამონაბოლქვის შედეგის, სამუხრუჭე სისტემის შედეგის დაფიქსირება ელექტრონულად ხდება. თუმცა, არის გარკვეული პარამეტრები, სადაც ინსპექტორი თავის გადაწყვეტილებით აფასებს, რამდენად შესაბამისობაშია ავტომობილის კონკრეტული პარამეტრი რეგლამენტის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში, თუ ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილზე სახიფათო ხარვეზს არ დააფიქსირებს და ეს “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს” მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლინდება, 5000 ლარიანი ჯარიმა იმოქმედებს, იმ შემთხვევაში, თუ ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილზე მნიშვნელოვან ხარვეზს არ დააფიქსირებს, 2 000 – ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო თუ უმნიშვნელო ხარვეზი არ იქნება დაფიქსირებული, 500-ლარიანი. ეს საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია და ვფიქრობ, თავიანთ საქმიანობაში ცენტრები მეტად მობილიზებული იქნებიან. გარკვეულ დონეზე მათი საქმიანობის მონიტორინგი დღესაც ხორციელდება, თუმცა, ამ სახის მონიტორინგი უფრო ეფექტიანი იქნება, ცენტრები უფრო მეტად მობილიზებულები იქნებიან, რომ რაიმე გადაცდომა არ მოხდეს. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების საშუალებით ცენტრებზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება. ასევე, გარკვეული ეკიპაჟები ადგილზეც მივლენ, კონკრეტული ავტომობილი რომ გაიტესტება, ცენტრს მოსთხოვენ, ის ხელახლა გადამოწმდეს, პროცესში თავად ჩაერთვებიან, მაშინ გამოვლინდება, თუ რაიმე გადაცდომაა და ცენტრის მიერ ხარვეზი არ დაფიქსირდა. ხარვეზი ამ ჯგუფის მიერ დაფიქსირდება და ამ შემთხვევაში ჯარიმები ამოქმედდება”, – განაცხადა შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები