ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პოლიტიკოსი, რომელმაც სათავე დაუდო რუსეთში ჟევახოვების გვარს
რუსეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, თავადი ნიკოლოზ ჟევახოვი იყო შთამომავალი ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფ შიო (სვიმეონ) ჯავახიშვილისა, რომელიც მოგვიანებით პოლტავის მაზრაში დასახლდა. სწორედ მან დაუდო სათავე რუსეთში ჟევახოვების გვარს.
ნიკოლოზი დაიბადა 1874 წლის 24 დეკემბერს. ბავშვობა მამის, დავით დიმიტრის ძე ჟევახოვის სოფელ ლინოვიცის მამულში გაატარა. დავით ჟევახოვი კიევში მსახურობდა, სადაც მის მეუღლეს – ეკატერინე კონსტანტინეს ასულ ვულფერტს ჰქონდა საკუთარი ბინა. ეკატერინე იყო რუსი წმინდანისა და საკვირველმოქმედის, იოასაფ ბელგოროდელის პირდაპირი შთამომავალი. ჟევახოვების ოჯახში ოთხი ბავშვი იზდებოდა: ორი გოგონა – ლიუბა და ბარბარე და ტყუპები, ნიკოლოზი და ვლადიმერი (შემდგომში ეპისკოპოსი იოასაფი, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული).
ნიკოლოზმა საშუალო განათლება მიიღო კიევის მე–2 გიმნაზიასა და პავლე გალაგანის კოლეგიაში. 1898 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა კიევის წმ. ვლადიმირის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1897 წელს, დაიმსახურა თავისი პირველი ჯილდო – მუქი ბრინჯაოს მედალი მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გაწეული შრომისათვის.
თავისი სამსახურებრივი კარიერის დასაწყისში ნიკოლოზ დავითის ძეს ეკავა დაბალი სამოხელეო თანამდებობები კიევის სასამართლო პალატასა და კიევის გენერალ–გუბერნატორის კანცელარიაში. 1902 წლიდან იყო პოლტავის გუბერნიის ერობის უფროსი. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი პოლიტიკური პუბლიკაციები. 1905 წელს მიაღწია სამოქალაქო მრჩევლის ტიტულს.
ნიკოლოზ ჟევახოვი ითვლება მემარჯვენე–კონსერვატიული მიმართულების მოღვაწედ. მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე მისი ერთ–ერთი უმთავრესი დამსახურება არის წმინდა იოასაფ ბელგოროდელის ხსოვნაზე ზრუნვა. იგი 1906 წლიდან აგროვებდა მასალებს წმინდანის ცხოვრების შესახებ და 1907–1911 წლებში გამოსცა წმინდანის ბიოგრაფია სამ ტომად.
როგორც მონარქიზმის მტკიცე მიმდევარი, 1909 წლის 4 მაისს ნიკოლოზ ჟევახოვი გახდა რუსეთის საკრებულოს ნამდვილი წევრი.
ნიკოლოზ ჟევახოვის კიდევ ერთი დიდი დამსახურებაა წმიდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებლისადმი გამოჩენილი ყურადღება და ამ წმინდანისათვის შესაფერისი პატივის მიგება იტალიის ქალაქ ბარში ტაძრისა და მეტოქის აგებით. საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების დადგენილებით 1910 წელს ნიკოლოზ ჟევახოვი დეკანოზ ვოსტორგოვთან ერთად მივლინებული იყო ქ. ბარში მიწის ნაკვეთის ასარჩევად ტაძრისა და მეტოქისათვის, რუსეთიდან ჩასულ მომლოცველებისათვის. 1911 წლის იანვარში მათ შეასრულეს დავალება. იმავე წლის 9 მაისს ნიკოლოზ დავითის ძე ესწრებოდა ტაძრისა და მეტოქის საძირკვლის ჩაყრას, ხოლო, 12 მაისს გახდა ახალგახსნილი ბარგრადის კომიტეტის წევრი. 1913 წელს იგი დაინიშნა სამშენებლო კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო, 1914 წლის 6 მაისს ებოძა ხელმწიფის კარის კამერ–იუნკერის წოდება ტაძრისა და მეტოქის მშენებლობაში დიდი დამსახურებისათვის.
1916 წლის 15 სექტემბერს უმაღლესი ბრძანებით ნიკოლოზ დავითის ძე დაინიშნა სინოდის ობერ–პროკურორის ამხანაგად, კამერ–იუნკერის წოდების შენარჩუნებით. ამავე წელს დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის მე–4 ხარისხის ორდენით.
1917 წლის 1-ელ იანვარს მიენიჭა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი და ებოძა კამერგერის წოდება. 1917 წლის მარტში ნიკოლოზ ჟევახოვი მცირე ხნით დაპატიმრებული იყო, დროებითი მთავრობის განკარგულებით, მისი მონარქიზმის დასაცავად გაკეთებული განცხადებებისთვის.
1919 წლის თებერვლიდან ემიგრაციაშია (სერბეთი, იტალია). იგი იყო რუსულ–სერბული საზოგადოების დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი (1920, 20 ივლისი).1920 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა ბარში წმიდა ნიკოლოზის მეტოქს.
ნიკოლოზ ჟევახოვი საზოგადოებაში სარგებლობდა „რასპუტინელისა“ და „რეაქციონერის“ რეპუტაციით. თავის მოგონებების წიგნში მან დაწვრილებით აღწერა „წითელი ტერორი“. იგი ოცნებობდა მართლმადიდებლურ–მონარქისტული რუსეთის დიდსა და ნათელ მომავალზე. მუსოლინისა და ჰიტლერის მომხრე, ანტისემიტი იყო. ფიქრობდა რომ ფაშიზმის დახმარებით რუსეთი დაიბრუნებდა ძველებურ დიდებას. საზღვარგარეთ ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას სერბებთან – სლავური ნათესაობის, ხოლო გერმანელ მემარჯვენეებთან – ნაციონალისტობის ნიადაგზე. მას მტკიცედ სწამდა, რომ „რევოლუცია – ეს არის ღვთიური სასჯელი უფლის მცნებებსა და კანონებზე გადაცდომისათვის“.
ნიკოლოზ ჟევახოვმა სიცოცხლის ბოლო თვეები უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქში, გაატარა 1946 წელს იქვე გარდაიცვალა.