სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში: შსს-მ გამოძიების პროცესში სამეთვალყურეო და სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერების დროული გადმოცემა უნდა უზრუნველყოს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც გამოძიების ხელშემშლელ გარემოებებზე და მათ დასაძლევად წარმოდგენილ რეკომენდაციებზეა საუბარი.

ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, ,,112” სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეო ჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოზიტიურად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას ახერხებენ. აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს დროებითი მოთავსების იზოლატორების სრულად აღჭურვას ვიდეოკამერებით, რაც ხელს უწყობს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროულ რეაგირებას და დაკავებული პირების უფლებების დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები