“ვიდრე არ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ცალკეული პოლიტიკოსების, ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების წინასწარი ვარაუდი არ არის სამართლებრივად სწორი” – მერაბ ტურავა

„მანამ, ვიდრე არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა დასკვნას დადებს სასამართლო, ცალკეული პოლიტიკოსების და სოციალურ მედიაში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირის მიერ გაკეთებული კომენტარები და წინასწარი ვარაუდი, ვფიქრობ, რომ არ არის სამართლებრივად სწორი და დაბალი სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებასთან პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას, რომელიც განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ წარდგინებას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილეებს, თუ ერთმანეთის მიმართ ექნებათ შეკითხვები, დამაზუსტებელი ხასიათის, უნდათ რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღონ ერთმანეთისგან, ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას, რომ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. იმედი მაქვს, რომ ეს არ გადაიზრდება ისეთ პაექრობაში, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი ექნება, უფრო სამართლებრივ საკითხებზე გადაიტანენ აქცენტს, უპასუხებენ ერთმანეთის შეკითხვებს. ამის შემდეგ, პროცედურით გათვალისწინებულია პროცესის მონაწილეთა დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გავა სათათბირო ოთახში და როცა მოამზადებს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ.

ბუნებრივია, პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მოსამართლეებს აქვთ გარკვეული აზრები, მაგრამ ეს აზრები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას. სხდომის ოქმი კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხონ მოსამართლეებმა, ასევე მტკიცებულებები კიდევ ერთხელ უნდა გააანალიზონ, ერთმანეთის პოზიციები მოისმინონ და ამის შემდეგ მივლენ გარკვეულ დასკვნამდე. მე რომც მქონდეს ამ წუთას ჩემი აზრი და პოზიცია, არ მაქვს უფლება და არც იქნება სამართლებრივად სწორი, რომ ამის შესახებ წინასწარ გითხრათ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ ბევრი თქვენი მაყურებელი, მსმენელი წინ უსწრებს მოვლენებს და უნდათ, რომ ჩვენზე ადრე მიიღონ და გამოაცხადონ გადაწყვეტილება. ალბათ, მაღალი სამართლებრივი კულტურის მჩვენებელი იქნება და უფრო სწორი იქნება, რომ ყველა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არასდროს არ განუხილავს კონსტიტუციური წარდგინება იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი და ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა გადაწყვეტილება იქნება სწორი იმ სამდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ. ეს იქნება პრეცედენტული მნიშვნელობის“,- განაცხადა ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები