“ეს არის მხარდაჭერის სიგნალი”- კიევში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს
კიევში დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი – ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანია ევროკავშირის სოლიდარობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება. მისი თქმით, რუსეთთან ომი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და ევროკავშირმა ამის საფუძველზე უნდა იმოქმედოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრა ისტორიული მოვლენაა, “რადგან ევროპის საგარეო საქმეთა საბჭო საზღვრებს გარეთ პირველად იკრიბება და, ამავე დროს, ევროკავშირის მომავალ საზღვრებში. ეს თავისთავად უკვე არის სიგნალი – მხარდაჭერის, განუყოფელი მხარდაჭერის სიგნალი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს უკრაინაზე და რისთვისაც ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ”.
ამასთან, კულება არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი სუსტდება.
მისი თქმით, აშშ-ის ბიუჯეტის საგანგებო კანონში უკრაინის დახმარების არჩართვა, რომელიც მომდევნო 45 დღისთვის იქნა მიღებული, რომ მთავრობის დახურვის აცილება მოხდეს, არ ნიშნავს ვაშინგტონის მხრიდან სისტემურ ცვლილებას.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, კიევი ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებთან კონტაქტშია და გასულ შაბათს საბიუჯეტო კანონის მიღების გარშემო განვითარებული დრამა, უფრო “ინციდენტი” იყო.