შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, რამდენიმე ადგილას ერთდროული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს: სასტუმრო „იქსის“ და კაფე-ბარ „დუნიას“ მფლობელი, აზერბაიჯანის მოქალაქე ირადა ა, სასტუმრო „დელფინის“ დროებითი მფლობელი, თურქეთის მოქალაქე იჰატ ი, სასტუმრო „ირას“ მფლობელი ჯემალ ბ, სასტუმრო „ნინის“ დროებითი მფლობელი გოჩა ბ, სასტუმრო „ასმინის“ დირექტორი, თურქეთის მოქალაქე მუნირ თ, სასტუმრო „პალანდოკენის“ დირექტორი, თურქეთის მოქალაქე ახმედ ქ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ ადგილს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ სასტუმროებში და კაფე-ბარში მომუშავე პირები მოწმის სახით დაჰკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).