სულის ამოძახილი
ის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის – ხატავს, ლექსებს წერს და ბავშვებს ასწავლის. რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ამაზე ნელი არაბული ყველაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან სამივე საქმეს სიამოვნებით აკეთებს. დეკორატიული ხელოვნება და ნატურალიზმი ისევე ახლოა მისთვის, როგორც სურეალიზმი, განსხვავება მხოლოდ მასალაშია. თავად მასალა კი იმდენადვე მრავალფეროვანია, როგორც მთლიანად მისი ხელოვნება.
– როგორ ახერხებთ რამდენიმე საქმის ერთად კეთებას, სპონტანურად ხდება თუ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს?
– მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი მხოლოდ პედაგოგიური საქმიანობის კუთხით მაქვს, სახვით ხელოვნებას ვასწავლი თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 30 წელია ჩემი დროის დიდი ნაწილი სწორედ ამ საქმიანობაზე მიდის, ჩემთვის ის რუტინად არასოდეს იქცევა, პირიქით, ასე მგონია, ბავშვებთან რომ არ მქონდეს ურთიერთობა, მალე დავბერდები (იცინის). ხატვაზე ადრე ბავშვებს, დანახვას ვასწავლი, ჯერ უნდა დაინახო, რომ დახატო.
– როგორც ვიცი, თქვენ საკმაოდ დიდი შემოქმედებითი პაუზა გქონდათ, რა იყო მიზეზი?
– სამსახური და ოჯახი, ქმარი, სამი შვილი… დრო ფაქტობრივად არ მრჩებოდა… მერე ერთხელ, 95 წელი იყო, ის დღეც კი მახსოვს, უფრო სწორად საღამო, სახლში ვბრუნდებოდი, უშუქობის პერიოდი იყო და მე- 7 სართულზე ფეხით ავდიოდი, ავდიოდი, თან ვტიროდი, ვტიროდი იმაზე, რომ არ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა მეკეთებინა… ჰოდა, ვერ გავუძელი სინდისის ქეჯნას (იცინის).
და ისევ დავიწყე მუშაობა, გრაფიკასთან ერთად, დეკორატიული ნამუშევრების გაკეთებაც დავიწყე. თავიდან მასალად ბურღულეულსაც კი ვხმარობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს მასალა არ გამოდგებოდა, ძალიან მალე ნამუშევრები გაფუჭდა… ამიტომ გადავედი სხვა მასალაზე: კენჭები, ნიჟარები, ქვის მტვერი, მძივი, მარაო, ხის ფესვები, ცოცხის ბეწვი… რა ვიცი, მასალას რა გამოლევს… მუყაო, ასანთის ღერებს ვხმარობ ხშირად, მერე ამ ყველაფერს თიხის საფუძველზე ვამაგრებ, რომ მოცულობითი იყოს, 3D ეფექტისთვის, როგორც ახლა ამბობენ (იცინის).
– ესკიზს თუ აკეთებთ წინასწარ?
– ძალიან იშვიათად, თუ დეკორატიულ ნამუშევარს ვაკეთებ, თუ ვხატავ, არასდროს… წარმოდგენა არ მაქვს წინასწარ, რა გამოვა. უბრალოდ გადმომაქვს ემოცია ფურცელზე ან ტილოზე. თუ იმ დღესვე ვერ დავასრულე ნახატი, შეიძლება კარგა ხანს ხელუხლებელი დარჩეს, ვიდრე ისევ იგივე განწყობა არ მექნება.
– პოეზიაზე რას იტყვით, ლექსებს თავისუფალ დროს წერთ თუ როცა მუზა მოვა?
– მუზები სულ თან დამყვებიან (იცინის). როგორღაც პარალელურად ხდება, ხშირად ლექსით ნახატს ვავსებ… ლექსები, ისევე როგორც მხატვრობა, ჩემი სული ამოძახილია. ერთს წაგიკითხავთ:
…
სიზმრად ფერების დამკარგველს,
ცხადში ემოციათა ზღვა.
სიზმრად აფორიაქებულ სამშვინველს,
ცხადში სიგიჟის ზღვა…
სიზმრად გადამწვარ მთას და ველს,
ცხადში აქაფებული ზღვა,
ბოღმას,ზვირთებად ქცეულს და
ვნებას, ფერფლად ქცეულს და
მრავალი სხვა…
– თუ არის რამე ისეთი, რომლის გაკეთებაც გინდათ და ჯერ ვერ მოახერხეთ?
– კი, არის ასეთი რაღაც… ძალიან დიდი ხანია მინდა პატარა, სიურეალისტური ხასიათის მონუმენტის გაკეთება… მასალად ხის მტვერი მინდა გამოვიყენო. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს…
გიორგი მიქაძე