ლიბიის ქალაქ დერნაში, რომელიც დამანგრეველი სტიქიური უბედურების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდეა გაზრდილი, დაკარგულია 10 ათასზე მეტი მოქალაქე.
ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად და გასაქცევად მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ, თუმცა, წყალმა ქალაქის თითქმის მეოთხედი ჩარეცხა და ხალხი ზღვაში ჩაიტანა.
ქალაქში, სადაც ხალხი ახლობლების მოსაძებნად მიწას საკუთარი ხელებით თხრის, Sky News-ის გადამღები ჯგუფი ჩავიდა.
უამრავი ადამიანია დამარხული ტალახში, ნანგრევებში, ამობრუნებული მანქანებისა და რამდენიმე მეტრის სიმაღლის ბეტონების ქვეშ.
.Sky News-ის სპეციალური კორესპონდენტი, ალექს კროუფორდი ამბობს, რომ მის გარშემო, სადაც უნდა გაიხედოს, ყველგან ნგრევაა.
„სადაც ჩვენ ვდგავართ, არის ცხრასართულიანი კორპუსის პირველი სართული – ის ახლახან მიწასთან გაასწორეს. ჩემ უკან ბევრი დანგრეული საცხოვრებელი კორპუსია. აქ მხოლოდ საძირკველი ჩანს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ორი კაშხლიდან, რომლებიც ჩამოიშალა, აფეთქების მსგავსი ხმა ისმოდა. დანგრეულია სამი ხიდი. შენობა შენობაზეა მიწასთან გასწორებული. გადარჩენილები ამბობენ, რომ წყალდიდობისგან თავის დასაღწევად მხოლოდ 20 წუთი ჰქონდათ”, – ამბობს ჟურნალისტი.
ამასთან, როგორც გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ხელმძღვანელმა, პეტერი ტაალასმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, მსხვერპლის უმეტესი ნაწილის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
„რომ ყოფილიყო კარგად მომუშავე მეტეოროლოგიური სამსახური, ის შეძლებდა გაფრთხილებას და გადაუდებელი დახმარების მართვის ორგანოები ევაკუაციის განხორციელებას შეძლებდნენ”, – თქვა მან.