მექსიკის კონგრესში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით პირველი მოსმენა გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოში მიიტანეს ორი არტეფაქტიც, რომლებიც, მექსიკელი ჟურნალისტისა და უცხოპლანეტური სიცოცხლით დაინტერესებული პირის, ხაიმე მაუსანის მტკიცებით, უცხოპლანეტელების ნაშთებია.
მაუსანის თქმით, ეგზემპლარები დედამიწაზე არსებული სიცოცხლის არცერთ სახეობასთან არ არის დაკავშირებული. ყუთებში მოთავსებულ ორი მცირე ზომის “სხეულს” ხელზე სამი თითი და წაგრძელებული თავი აქვთ.
მაუსანის თქმით, ისინი პერუში, უძველესი ნაზკას ხაზების მახლობლად 2017 წელს აღმოაჩინეს. მისივე მტკიცებით, მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM) ნახშირბადის კონცენტრაციის საშუალებით დათარიღების მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის თანახმად, ეგზემპლარები დაახლოებით 1 000 წლისაა.
მექსიკის საზღვაო ძალების ჯანმრთელობის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, ხოსე დე ხესუს სალსე ბენიტეზის თქმით, ნაშთებზე კვლევები რენტგენის სხივების, 3D რეკონსტრუქციისა და დნმ-ის ტესტის საშუალებით ჩატარდა.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სხეულებს ადამიანებთან არანაირი საერთო არ აქვთ”, – თქვა მან.
აქამდე, მსგავსი აღმოჩენები ბავშვების მუმიფიცირებული ცხედრები აღმოჩნდა. მაუსანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტური სიცოცხლის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება აქვთ.
“ვფიქრობ, არსებობს აშკარა დემონსტრირება იმისა, რომ საქმე გვაქვს არაადამიანური წარმოშობის ნიმუშებთან, რომლებიც ჩვენს სამყაროში არსებულ არცერთ სხვა სახეობასთან დაკავშირებული არ არიან და რომ ამის გამოძიებისთვის ნებისმიერი სამეცნიერო დაწესებულებისთვის ყველა შესაძლებლობა ღიაა”, – თქვა მაუსანმა და დასძინა, რომ “მარტოები არ ვართ”.
მოსმენის პარალელურად, მექსიკის ეროვნულმა ავტონომიურმა უნივერსიტეტმა 2017 წლის კვლევის დასკვნა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ ეგზემპლარის ასაკის დადგენა იყო და მისი წარმომავლობის შესახებ არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეუძლიათ.
მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მმართველი პარტიის კონგრესმენმა, სერხიო გუტიერესმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი მოსმენები კიდევ გაიმართება.
“ჩვენ დაგვრჩა ფიქრები, შეშფოთებები და გზა, რომ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი”, – აღნიშნა გუტიერესმა.
მაუსანის მტკიცებებს ჰყავს ბევრი სკეპტიკოსიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ეგზემპლარების უცხოპლანეტური წარმოშობის დასადასტურებლად შესაბამისი სამეცნიერო დასკვნები არ არსებობს.
უკანასკნელ წლებში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მოსმენები აშშ-ის კონგრესშიც გაიმართა. ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAP – ასე მოიხსენიებენ ახლა UFO-ებს) შესახებ არსებული მასალების გასაჯაროება პენტაგონმაც დაიწყო.
ამასთან, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს იკვლევს NASA-ს დამოუკიდებელი პანელიც, რომელმაც თავისი კვლევის შედეგები დღეს, 14 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს.