საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. 11 სექტემბერს მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს, რომელიც მანამდე დაკარგულად მიიჩნეოდა.
ამის შესახებ Ekathimerini წერს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, 5 სექტემბრიდან 3500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც 10 სექტემბერს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, იანის არტოპიოსმა თქვა, წყალდიდობა, როგორც ჩანს, შემცირდა, თუმცა, თესალიაში მდინარე პინეუსი შესართავთან დიდდება.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 7 სექტემბრიდან პელიონის ნახევარკუნძულზე ჩარჩენილი 335 ადამიანი გადაარჩინა.