ოქროს თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კომპოზიტორი, რომელიც საბჭოთა სისტემამ იმსხვერპლა
ნექტარიოს (ტარიკ) ნექტარიოსის ძე ჩარგეიშვილი დაიბადა 1937 წლის 5 სექტემბერს ლენინგრადში. ფსევდონიმი – ნ. იაკოვლევი. გაიზარდა აფხაზეთის სოფელში, ცნობილი ექიმის ოჯახში. უმეტესწილად მოსკოვში ცხოვრობდა. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, ხოლო 1966 წელს ასპირანტურა – ტიხონ ხრენნიკოვის კლასი. აგრეთვე სწავლობდა არამ ხაჩატურიანთან. 1966-1968 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში პარტიტურების კითხვასა და ინსტრუმენტირებას ასწავლიდა.
1969 წელს ნექტარიოს ჩარგეიშვილმა ფილოსოფოსის დიპლომიც მიიღო – დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის კლასიკური განყოფილება. მის კალამს ეკუთვნის ფილოსოფიური ტრაქტატი „ქრისტიანობის ეზოთერული დოქტრინა“.
ნექტარიოს ჩარგეიშვილმა განავითარა რუსული სიმფონიზმის ტრადიციები. ნაშრომებში ფართოდ იყენებდა პოლიფონიურ ტექნიკას, ხალხურ სიუჟეტებს, აგრეთვე, რენესანსის პერიოდის მუსიკალური ტრადიციების ელემენტებს. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია: ერთაქტიანი ბალეტები – «Три года Добрынюшка стольничал» (1963); «Добрыня чудь покорил» (1965); „უძღები შვილის დაბრუნება“ (1967); სიმფონიური პოემა: „По Кирше Данилову“,(1965); სიუიტა სიმებიანი ორკესტრისთვის „მონტევერდის ხსოვნისადმი“ (1967); სიმფონია „ა. ვინოგრადოვის ხსოვნისადმი“ (1970); სიმფონიური სიუიტა (1957); სკერცო ორკესტრისათვის (1957); ორი კონცერტი კამერული ორკესტრისათვის; სამი გუნდი a cappella (1965) და სხვა; მუსიკა კინოფილმებისთვის: «Я купил папу», 1962; «Секрет успеха», 1962; «Путешественник с багажом», 1965; «Я вас любил», 1967; «В стране невыученных уроков», 1969;
ნექტარიოს ჩარგეიშვილი მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა იმ ოქროს თაობას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს ალფრედ შნიტკე, ედისონ დენისოვი და სოფია გუბაიდულინა მისცა. ბევრის აზრით, ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კომპოზიტორი იყო. მისი უდიდესი პოტენციალის რეალიზებას ხელი ერთადერთმა ნიუანსმა შეუშალა: კომპოზიტორი საბჭოთა ხელისუფლების ღია მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო იგი დაითხოვეს კონსერვატორიიდან. მას აეკრძალა ყველანაირი ოფიციალური მუსიკალური საქმიანობა; საქმე იქამდე მივიდა, რომ სხვა სამსახურიც ვეღარ იშოვა, ავტობუსის მძღოლადაც აღარ მიიღეს. ფაქტობრივად სახლში გამოიკეტა და ამის შედეგად მისი მენტალური მდგომარეობა შეირყა; იტანჯებოდა დევნის მანიით. ასეთ პირობებში დაიწყო კომპოზიტორმა თავისი ყველაზე მასშტაბური ნაშრომის, სიმფონიის წერა, რომელიც 1971 წელს დაამთავრა. ძველი კავშირების წყალობით მან მიაღწია სიმფონიის პრემიერას, მაგრამ უცნობ მიზეზთა გამო ღონისძიება ჩავარდა. იმავე წელს (1971 წ. 14 ნოემბერი) მოსკოვში ნექტარიოს ჩარგეიშვილმა თავი ჩამოიხრჩო. ამ სიმფონიის შესრულება კი საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაბლოკილი იყო. მისი პრემიერა მხოლოდ 1991 წელს შედგა ფესტივალ „მემკვიდრეობის“ («Наследие») ფარგლებში. დირიჟორი დიმიტრი ლისი. საბედნიეროდ ჩანაწერი გაკეთდა. დღეს ის გაციფრებულია და ჩვენ შეგვიძლია ეს ნაწარმოები ჯეროვნად შევაფასოთ. ს. გუბაიდულინასგან მან დაიმსახურა შეფასება: „გენიალურია“.
ნექტარიოს ჩარგეიშვილი დაკრძალულია ახალ ათონში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ჰყავდა ვაჟი, სტანისლავ ჩარგეიშვილი, რომელიც 1957 წლის 3 თებერვალს დაიბადა.