“უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს”, – ასე მიმართა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მისივე თქმით, ადამიანის გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
„ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენ ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს. შეიძლება გარეგნულად რაღაც შევცალოთ ოდნავ, მაგრამ შინაგანად ეს ჩვენთვის მიუღწეველია, როცა ამბობს უფალი, რომ უჩემოდ არ შეგილიათ არაფერი. და აი, ძვირფასო დებო და ძმებო, უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია რომ გამწმინდო“ და რა მოუგო უფალმა?! „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, უფალს სურს ეს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი გაწმენდა, უფრო მეტად კიდევ, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად. ამინ!,” – განაცხადა მეუფე შიომ.