ვასილ ჩიგოგიძე – ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებაზე: მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, “ნაცმოძრაობის” წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს.

“საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. არ ვიცი რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა.

საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს გააკეთებენ, სკვერს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ, მთავარია, სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან”,- აცხადებს ჩიგოგიძე “ფორმულასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. “ნაცმოძრაობა” თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს ვასილ ჩიგოგიძეს სდებს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები