ავთო მეგრელიძე – ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა როდესაც დამინახა, გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს
ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
“ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.
„ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც “ნაცმოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს “ნაცმოძრაობას” გინება და ცემა შეარჩინოს”, – განაცხადა ავთო მეგრელიძემ.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “ნაციონალურმა მოძრაობამ”: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე მთავრობისა და “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოლიგარქის – ვასილ ჩიგოგიძის მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი პარტიის ადგილობრივ ლიდერებს – თათია ნიკოლაშვილს, დავით მჟავანაძესა და არჩილ სიხარულიძეს, კიდევ ერთხელ ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ”.