გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით 2023 იანვრიდან დღემდე 5 642 მოქალაქემ ისარგებლა, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 570 123 ლარი გამოიყო – გორის მერია
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით 2023 იანვრიდან დღემდე ისარგებლა 5 642 მოქალაქემ. მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 2 570 123 ლარი, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“სოციალური პროგრამის ფარგლებში გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერად ფულად დახმარებას სთავაზობს.
დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში – https://rb.gy/4dqs4
გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ჩამონათვალი – https://rb.gy/ebab4“, – წერია ინფორმაციაში.