შვეიცარიის აღმოსავლეთის სოფელ შვანდენში მეწყერმა ექვსი სახლი გაანადგურა, თუმცა, ადრეული ევაკუაციის გამო, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამის შესახებ AFP წერს.
მეწყერი საღამოს გლარუსის კანტონში, სოფელ შვანდენში ჩამოწვა.
სახლები ტალახისა და ქვების ზვავმა დაფარა, პირველი მეწყერი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ჩამოწვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი – მეორე.
მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში კანტონში ძლიერი წვიმები იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასწარ განჭვრიტა სტიქიის ალბათობა და სახიფათო ზონიდან ადგილობრივები გაიყვანა.
რამდენიმე დღით ადრე ამავე რაიონში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ხუთი სახლიდან და ორი საწარმოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევაკუაციის ზონა დამატებით ფართოვდება და დროებით სახლების დატოვება ასამდე მოქალაქეს მოუწევს.