თორნიკე რიჟვაძე – ომის პარტიის მიზანი იყო ტურისტული სეზონის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში, ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
,,საზღვაო ტურისტული სეზონის დასაწყისშივე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ომის პარტიის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ყალბი და დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24 %-ს.
ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში – დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტული დანიშნულების“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.
მათივე ცნობით, აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა, როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში. მთიან აჭარას მხოლოდ წელს 45 ახალი ობიექტი დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები