თეა წულუკიანი ახალგაზრდებს აფრთხილებს
მთავრობა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვის ერთული რჩება და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
“კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკასთან დაკავშირებით ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ “ღია მთავრობის პარტნიორობის შესრულების სამოქმედო გეგმა”. ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც შს სამინისტრომ იკისრა და მთავრობამ დაამტკიცა, არის უფრო მეტი გამჭვირვალობა არა მხოლოდ სტატისტიკის, არამედ მოქალაქისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, მედიისთვის, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია გვქონდეს ამა თუ იმ დანაშაულზე. შეიქმნება კრიმინოგენური რუკა. ეს იქნება ელექტრონული რუკა, რომელზეც რაიონების, მუხლების, დანაშაულების კატეგორიის მიხედვით იქნება შესაძლებელი შემოწმდეს სად რა დანაშაული მოხდა, როგორ დაკვალიფიცირდა ის და რას ეხებოდა დანაშაული. ჩვენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთგულები ვრჩებით და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი იარაღის ტარების გამკაცრების თემასაც შეეხო და ახალგაზრდებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა.
„იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის მიმართული, მკაცრი უნდა იყოს, თუმცა ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები. დღეს აუცილებელია და ეს დავალება მივიღეთ კიდეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების გარდა, პრევენციული ღონისძიებებიც გაატაროს, იმისთვის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს, იარაღის უკანონო ტარება, ცივი იქნება თუ ცეცხლსასროლი, კანონით დაუშვებელია. სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, მინდა უკვე ამ წუთიდან გაფრთხილდეს ყველა ახალგაზრდა, რადგან მთავრობა იქნება ძალიან მკაცრი იმ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ვინც გაბედავს და უკანონოდ ატარებს იარაღს და ხელს აღმართავს თავის თანატოლზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.