“სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. ინფორმირების კუთხით მოსახლეობასთან შეხვედრას პერიოდულად გავაგრძელებთ და, რაც მთავარია, გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას”,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე ტექნიკის საშუალებით მდინარის კალაპოტების ფორმირება ხდება.
„21-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მდინარის კალაპოტებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტების ფორმირება. ასევე, მცურავი საშუალებები, მობილიზებულია კინოლოგთა ჯგუფი. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები, 27-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, სამი დღის წინაც განხორციელდა მწვერვალების შემოფრენა და მონიტორინგი. გეოლოგები და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჯგუფი არის მონიტორინგში ჩართული. ინფორმირების კუთხით მოსახლეობასთან შეხვედრას პერიოდულად გავაგრძელებთ და, რაც მთავარია, გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.