ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიქსტეს კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს, რომელიც ახალი პაპის დანიშვნით დასრულდება.
კათოლიკური ეკლესიის ახალ ხელმძღვანელს 133 კარდინალი აირჩევს.
სრული საიდუმლოების უზრუნველსაყოფად, კონკლავის დროს სიქსტეს კაპელა სრულად ჩაიკეტება.
ვატიკანი გეგმავს სიქსტეს კაპელის გარშემო სიგნალის ჩამკეტების გამოყენებას, რათა თავიდან აიცილოს ელექტრონული თვალთვალი ან კონკლავის გარეთ კომუნიკაცია.
კარდინალებს ასევე მოუწიათ ტელეფონებისა და ყველა ელექტრონული მოწყობილობის ჩაბარება. ვატიკანის პრესსპიკერის თქმით, ისინი მათ მხოლოდ კონკლავის დასრულების შემდეგ დაიბრუნებენ.
კონკლავის დაწყების პირველ დღეს კენჭისყრის მხოლოდ პირველი რაუნდი გაიმართება. კენჭისყრის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ბიულეტენების დაწვის შედეგად კვამლის ფერის მიხედვით.
სამლოცველოს სახურავზე არსებული ბუხრიდან შავი კვამლი დაუსაბუთებელ კენჭისყრაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი კვამლი და ზარების ხმა იმის მანიშნებელი იქნება, რომ 1.4 მილიარდ წევრიან ეკლესიას ახალი ლიდერი ჰყავს.
პირველი კენჭისყრის შედეგს, ანუ პირველ კვამლს ვატიკანში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე ელოდებიან.