ქართველი დიზაინერის საშობაო ზღაპარი
თამუნა ზაუტაშვილი პოპულარული დიზაინერია, მისი ქუდები და აქსესუარები წარმატებით სარგებლობს საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. საკუთარ მიღწევებს იღბალს და ბებიას უმადლის, რომელმაც 6 წლის ასაკში კერვა, ქარგვა და ქსოვა ასწავლა.
– როგორ და როდის დაიწყო ეს ყველაფერი ?
– ზღაპარივით… შობას, 2003 წელს, პარიზში… მაღაზიაში შევედი, საჩუქარი მინდოდა მეგობრისთვის მეყიდა. თავზე ჩემი გაკეთებული ქუდი მეხურა, შევამჩნიე, რომ დაჟინებით მიყურებდნენ, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბოლოს მაღაზიის მენეჯერი მოვიდა და მკითხა, ეს ქუდი სად იყიდეო. ჩემი გაკეთებულია – მეთქი, ხელში ჩანთა მეჭირა, ისიც ჩემი ხელით გაკეთებული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქუდში და ჩანთაში (ნახმარში) 1500 ევრო შემომთავაზეს. თავი სიზმარში მეგონა (იცინის). როგორც კი შოკმა გამიარა, პირველი ის ვიფიქრე, რომ საქმე, რომელიც მხოლოდ ჰობი იყო ჩემთვის, შემეძლო წარმატებულ ბიზნესად მექცია.
– და აქციე კიდეც… ეს ყველაფერი, ალბათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოხდა?
– საქმეც ისაა, რომ არა… დაწყებული ზღაპარი იგივე ლოგიკით გაგრძელდა: პარიზიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთ თვეში ამერიკის საელჩოში მოვაწყე გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ ნივთი გაიყიდა.
ამან საკუთარი ძალების რწმენა გამიღრმავა და რომ დავიწყე მუშაობა, მეთერთმეტე წელია არ გავჩერებულვარ (იცინის).
– ვიცი, რომ მილანში გაიმარჯვე რაღაც კონკურსში, ცოტა დაწვრილებით გვიამბეთ, რა კონკურსი იყო?
– ეს იყო 2 წლის წინ, მილანში ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით: „ახალი სახელები“, კონკურსში მონაწილეობდნენ დიზაინერები პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან და ბულგარეთიდან. კონკურსი გავიმარჯვე და ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
– შენი ქუდი შერონ სტოუნს, ალა პუგაჩოვას და კიდევ უამრავ ცნობილ ადამიანს აქვს. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაკეთობა დაგიწუნეს?
– კი, იყო ერთი ასეთი შემთვევა, ერთი ქართველი მომღერლისთვის გავაკეთე ქუდი და დამიწუნა (იცინის). ეტყობა, კარგად ვერ გავიგე, როგორი უნდოდა. ასეა თუ ისე, ის მოდელი, ძალიან პოპულარული გახდა, რამდენიმე ათეული გავყიდე.
– ქუდების გარდა, აკეთებ სამკაულებს, ჩანთებს, სხვადასხვა აქსესუარს… გეხმარება ვინმე?
– არა, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, ერთხელ მქონდა მცდელობა, ამეყვანა ასისტენტი, მაგრამ ისე ცუდად დასრულდა ყველაფერი, მეტი აღარ მიცდია (იცინის).
– საყვარელი საქმის გარდა, რა არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში?
– პირველ რიგში – შვილები. მყავს ორი ვაჟი, მართალია, უკვე დიდები – 19 და 20 წლისანი არიან და ჩემი ზრუნვა იმდენად არ სჭირდებათ, მაგრამ დიზაინერზე მეტად, ალბათ, მაინც დედა ვარ (იცინის). არის კიდევ ერთი არსება, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვზრუნავ, ეს ჩემი ძაღლი ბენჯამენია.
– შემოქმედებით გეგმებს გაგვიმხელ? აპირებ რამეს უახლოეს მომავალში?
– მაქვს რამდენიმე შემოთავაზება უცხოეთიდან, ყველაზე მაცდური – იტალიიდან, კერძოდ, მილა ანუფრიევას ატელიედან, რომელიც მილანში მდებარეობს. ჯერ ცოტას ვყოყმანობ, მაგრამ, ალბათ, მაინც რამდენიმე წლით წავალ. ჩვენთან ეს ბიზნესი ძალიან ცუდადაა განვითარებული და პროფესიული ზრდის პერსპექტივა ფაქტობრივად არ არსებობს.
გიორგი მიქაძე