ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონსულტაციო ჯგუფი სასწავლო ცენტრს ეწვია
ვისკონსინის შტატის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა ჯგუფი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სასწავლო ცენტრში საკონსულტაციო ჯგუფი ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შეხვდა. დელეგაციის წევრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და პერსონალს პრეზენტაცია/დისკუსიის რეჟიმში კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, დელეგაციამ უკვე გამართა კონსულტაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პერსონალთან და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დაათვალიერა. ვიზიტის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სხვადასხვა ასპექტში საკონსულტაციო დახმარების გაწევა წარმოადგენს.
დღესვე დელეგაციის წევრებმა სასჯელაღსრულების #16 დაბალი რისკის დაწესებულება მოინახულეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა შოთა ტორაძემ უცხოელ სტუმრებს პროფესიული სწავლების კორპუსში სამკერვალო საამქროსთვის განკუთვნილი დანადგარები დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრების განცხადებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობს. საკონსულტაციო ჯგუფი ასევე კმაყოფილია იმ პროგრამებით, რომლის დანერგვაც #16 დაწესებულებაში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2014 წლის ივნისში სტუმრობდა.
აღნიშნული ვიზიტები ხორციელდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.