ზამთარში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გაზგამანაწილებელი სისტემა შემოწმდება
ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გაზგამანაწილებელი სისტემა შემოწმდება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დავით ნარმანიას დავალებით, უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომები და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნორმების შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მთავრობას აქამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მომდევნო კვირისთვის კი „ყაზტრანსგაზმა“ მერიას უნდა მიაწოდოს დეტალური გრაფიკი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რაც, ასევე, აუცილებელია 2015 წლის ბიუჯეტის დასაგეგმად; მიწისზედა გაზგამანაწილებელი ქსელის გაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უკვე არსებულ ქსელებსა და სისტემებზე კი ინფორმაცია მიეწოდოს მერიას. რაც შეეხება ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირებას, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გაზის უსაფრთხო შეყვანის სტანდარტს, სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე ვიზუალური მხარე.
დავით ნარმანიას დავალებით, თბილისის მთრავრობასა და კომპანიას შორის კოორდინაციის მიზნით, კომპანიამ უნდა გამოყოს სპეციალური წარმომადგენელი. მთავრობის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობა თბილისის ვიცე-მერს გიორგი სოლომონიას დაევალა. დავით ნარმანიას თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სად რა მდგომარეობაა მოსახლეობის გაზმომარაგების და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დაჩქარდება მიმდინარე სამუშაოები და თბილისის მერია და „ყაზტრანსგაზი“ კოორდინირებულად იმუშავებენ. პრობლემური უბნების საკითხს სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს. გარდა ამისა, კომპანია გამოყოფს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც რაიონული გამგეობები ყოველდღიურად მიიტანენ და განიხილავენ არსებულ პრობლემებს.
„ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ გლდანის რაიონში დასაჩქარებელია 43 ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი პროექტი. დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში, გაურკვეველია, ვინ უნდა გადაიხადოს ექსპერტიზის საფასური, გლდანის რაიონის გამგეობამ, რომელსაც ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს, თუ „ყაზტრანსგაზმა“. ეს ინდივიდუალური შემთხვევააა, რაც მოქმედი წესებით და ნორმებით არ რეგულირდება, ამიტომ მე დავავალე გამგეობას, დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის მოცულობა და, თუ დიდი არ არის, მას თბილისის მერია დაფარავს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.