საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა თბილისის მერიას დაუბრუნდა
ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე მდებარე 132-ე ბაგა-ბაღი, რომელიც 6 წლის წინ თბილისის წინა მთავრობამ ე.წ. „ბაღების ოპტიმიზაციის“ ფარგლებში დახურა, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუბრუნა.
დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას ბაგა-ბაღის გასაღები სიმბოლურად გადასცა.
30 წლის ისტორიის მქონე ბაგა-ბაღი 2008 წელს გაუქმდა, რის შემდეგაც ამ შენობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ოფისი განთავსდა. 1978 წელს გახსნილი ბაღი ყოველწლიურად 150 აღსაზრდელს იღებდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ბაღის გადაცემის პროცედურები, რის შემდეგაც შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ბაღის აღდგენას სამი თვე დასჭირდება. განახლებული ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყებს და კვლავაც 150-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაგა-ბაღს, სადაც 35-40 ადამიანი დასაქმდება, ძველი დირექტორი უხელმძღვანელებს.
„ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ვპირდებოდით, რომ ჩამოვართმევდით იმ ბაღს, სადაც მათ წლების განმავლობაში შტაბ-ბინა ჰქონდათ განთავსებული. სამარცხვინოა, რომ ბავშვებს ბაღის შენობა დაატოვებინეს და პოლიტიკური პარტიის ოფისი გახსნეს“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.