ირაკლი ქარქაშაძე ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს, ხორხე ვარგასს შეხვდა, ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ICAO-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით. საუბარი შეეხო, ასევე საქართველოს საავიაციო სფეროს განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებს.
,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ფრენების უსაფრთხოების, ისე საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენს გრძელვადიან გეგმებში შედის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ UAG აკადემია, რომელიც ICAO-ს და IATA-ს საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრების პირველი ქართული ანალოგი გახდება. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ ცნობადობა და დაინტერესება ავიაციის სფეროთი, გადავამზადოთ არსებული კადრები და მოვიზიდოთ ახალგაზრდა, კვალიფიციური ავიატორები. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება სამომავლოდ UAG აკადემია, რომლის ტრენინგ კურსებზეც საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები და სერტიფიკატები გაიცემა”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს ტექნიკური ოფიცერი ემნეთ გებრუ და საველე სამუშაოების აღმასრულებელი ოფიცერი დენის კუბატი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი ვაკო ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი სალომე ხუნდაძე დაესწრნენ.