ლევან ტიელიძე: ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას, იმისთვის რომ ვნახოთ როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე
“იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას, იმისთვის რომ ვნახოთ როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე”,- ამის შესახებ გლაციოლოგი და გეომორფოლოგი ლევან ტიელიძე შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პარალელურად მომზადდება მაღალი ხარისხის ციფრული სიმაღლებრივი მოდელი სტერეო სურათების დახმარებით რომ უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს ღვარცოფული მასალის რა მოცულობაზეა საუბარი.
“პირველ რიგში ვუსამძიმრებ საქართველოს ამ საშინელ ტრაგედიას და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს
იმისთვის რომ ყველას გვქონდეს უკეთესი ვიზუალური წარმოდგენა შოვის გლაციალურ ღვარცოფთან დაკავშირებით ვაქვეყნებ სრულ ანიმაციას რომელიც ახლახან მივიღე კანადელი კოლეგის (დენ შუგარ) დახმარებით კალგარის უნივერსიტეტიდან. ანიმაცია შედგენილია Planet-ის კომერციული უღრუბლო სატელიტური სურათების საფუძველზე სტიქიამდე (29 ივლისი) და სტიქიის შემდეგ (5 აგვისტო) და მთლიანად ფარავს ტერიტორიას კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან შოვის ტერიტორიამდე. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას, იმისთვის რომ ვნახოთ როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე. პარალელურად მომზადდება მაღალი ხარისხის ციფრული სიმაღლებრივი მოდელი სტერეო სურათების დახმარებით რომ უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს ღვარცოფული მასალის რა მოცულობაზეა საუბარი.
პ.ს. ის თუ გვახსოვს, რომ “ბუნება მბრძანებელია”, მაშინ ისიც უნდა შევიგნოთ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგები მეტად უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული. განსაკუთრებით ეს ეხება გეოგრაფიას, გეოლოგიას და გეოფიზიკას (თავის ყველა მიმართულებებით). ქვეყანა ვერასდროს იქნება განვითარებული თუ მეცნიერება არ იქნება ამ ქვეყანაში განვითარებული”,- წერს ტიელიძე.