„გვყავს ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი“ – მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში მოხალისეების ჩართვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მსურველები, რა თქმა უნდა, არიან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უწყებას ჰყავს ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი, რომელიც საჭიროა სამუშაოების საწარმოებლად.

„დღეს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, ჩატარდა საგანგებო თათბირი. დილიდან თავდაცვის სამინისტროს 20 თანამშრომელი იქნება დამატებით მობილიზებული. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა გარკვეული ტერიტორიით უკვე წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც უკვე რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ხვალ დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება ტექნიკის საჭიროებას, პირველივე დღიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მიწის მასის გამო ტექნიკის გადაადგილება. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ორი ერთეული მძიმე ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მძიმე ტექნიკის დამატებითი მობილიზება, რათა ხვალ დილიდან უფრო აქტიური ფაზა დავიწყოთ. 400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება 50/50-ზე იყოს. დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი. ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მსურველები, რა თქმა უნდა, არიან. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სამუშაოების წარმოებას, გვყავს ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი, რათა ჩვენ ვაწარმოოთ სამუშაოები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები