ზურაბ აზარაშვილი: ვერტმფრენმა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით მეტის გაკეთება
ვერტმფრენმა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მძიმე ტექნიკით მუშაობა, ხდება დამატებითი ალტერნატიული გზების მოწყობა, რათა მძიმე ტექნიკა შევიდეს ეპიცენტრის ადგილზე.
„სამწუხაროდ, რაჭაში დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ 25-მდე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებიან, ცოცხლად გადარჩენილები ნახონ. 210 ადამიანი უსაფრთხოდ გამოყვანილია სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის მეშვეობით. ვერტმფრენმა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით რაიმე მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში. შტაბში ყოველწუთიერად იგეგმება, თუ სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შემოგვიერთდება თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ძალა, რომელიც ხვალ დილიდან გააგრძელებს სამაშველო ოპერაციას. 210 ადამიანს, რომელიც ვერტმფრენმა გამოიყვანა, არ ესაჭიროება არანაირი სამედიცინო ჩარევა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მძიმე ტექნიკით მუშაობა, ხდება დამატებითი ალტერნატიული გზების მოწყობა, რათა მძიმე ტექნიკა შევიდეს ეპიცენტრის ადგილზე. თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოეწყობა საფეხმავლო ხიდიც და ქვეითი ძალა დილიდან გააგრძელებს ადგილზე გადასვლას და სამაშველო სამუშაოებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.