პრემიერი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის საქმიანობა დასაფასებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია. პრემიერის შეფასებით, უწყება ცდილობს 24 საათის განმავლობაში ებრძოლოს კრიმინალს და ამავე დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები.
“მინდა გითხრათ, რომ მე გავეცანი იმ კომპლექსურ ღონისძიებათა პრევენციულ გეგმას, რომელიც შეიმუშავა ბატონმა ჭიკაიძემ და მისმა უწყებამ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ის მიდგომები, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაშია – ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და, მეორე მხრივ, ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, დასაფასებელია – ისინი ცდილობენ 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და, ამავე დროს, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ამას სჭირდება დაფასება”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტირებულ პატიმრებზეც ისაუბრა.
“მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო. იყო ალბათობა, რომ მათი დიდი ნაწილი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოსულიყო. ისინი იყვნენ მსხვერპლნი არაადამიანური მოპყრობის, წამების, გაუპატიურების. მივიღეთ ჰუმანური აქტი და გამოვუშვით ციხეებიდან ათასობით პირი და მათ მივეცით შანსი, რომ მოეხდინათ რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა ეს ყველაფერი დააფასა, ბევრმა არ დააფასა და ისინი ბატონი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებულნი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.