ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირს დაესწრო. ოთარ შამუგიამ მწუხარება გამოთქვა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია ექვსი ჯგუფი.
“მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.
სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან;
ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.
3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბას ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. წინასწარი შეფასებით, გასულ თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა, ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბას ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას. ამავე დროს, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.