ირაკლი მეგრელიძე: ამ სტიქიის წინასწარი პროგნოზირება გამორიცხული იყო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე “კვირასთან” საუბარში აცხადებს, რომ სტიქიის, რომელიც გუშინ შოვში მოხდა, წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
როგორც მეგრელიძე განმარტავს, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ სპეციალისტს მსგავსი მოვლენის წინასწარ პროგნოზი არ შეუძლია.
“კლიმატის ცვლილების ფონზე, გლობალური დათბობის ფონზე, მსგავსი ტიპის შემთხვევები ხშირია და გახშირდება. ეს არა მარტო კავკასიონის გამყინვარების მყინვარებზე, არამედ ეს იქნება ალპებში, ანდებში ყველგან აბსოლუტურად, სადაც მყინვარებია ერთი და იგივე პრობლემებია. ეს არის გლობალური პრობლემა.
საქართველოში დაახლოებით, 700-მდე მყინვარი გვაქვს და არის საშიშროება, მაგრამ სად და როდის, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ურთულესია თვითონ მონიტორინგი, იმ თვალსაზრისით, რომ მყინვარზეა საუბარი. რომც იყოს მარტივად მისასვლელი და იქ ადგილზე დაკვირვებადი, მყინვარის შიგნით იმდენი პროცესები მიმდინარეობს, შეუძლებელია პროგნოზირება რა მოხდება. გამორიცხულია. არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოში ვერ მეტყვით სპეციალისტს ვინც ამას იპროგნოზირებს”, – განაცხადა გეოლოგმა.