თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
СNN Turk-ის ინფორმაციით, გვიან ღამით ცეცხლი გაჩნდა ქალაქ ქემერში, დეგირმენდერეს რაიონში, ქემერ-ანტალიის ავტომაგისტრალთან, ხოლო ძლიერი ქარის გამო ალი სწრაფად გავრცელდა.
ევაკუირებულია ხანძრის მახლობლად მდებარე დასახლებების მოსახლეობა. ხანძრის ქრობაში ასევე მოქალაქეები არიან ჩართული.
ასევე, ევაკუირებულია ქემერის სახელმწიფო საავადმყოფო. პაციენტების ნაწილი სახლში გაუშვეს, ნაწილი კი სხვა კლინიკებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, კვამლით 6 ადამიანია დაშავებული.
ანტალიის გუბერნატორის, ერსინ იაზიჩის თქმით, დილის მდგომარეობით, ცეცხლი დასავლეთის მიმართულებით 3,5 კილომეტრში გავრცელდა, ტერიტორიაზე ქარია. ასევე, ტერიტორიაზე – სადაც ხანძარი გაჩნდა, ხშირი ტყეა და ტექნიკისთვის მიუვალია.
დილის 05:30 საათისთვის ხანძრის ქრობაში 6 ვერტმფრენი და 4 თვითმფრინავი ჩაერთო.
გარდა ამისა, ტყეში ხანძარი სარუხანლის რაიონის ჰატიფლარის რაიონშიც გაჩნდა, რომლის ჩაქრობაში იზმირის რეგიონალური სატყეო მეურნეობის 10 თვითმფრინავი და 19 ვერტმფრენია ჩართული.
ქარის გამო, ალი სარისიგირლის სოფლისკენ მიიწევს. ევაკუირებულია მოსახლეობა. ასევე, გაფრთხილებულები არიან სარიჩამის ტერიტორიის მცხოვრებლებიც, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ გაიყვანენ.
ხანძარია ასევე ქაჰრამანმარასში, რაიონში მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, რადგან ცეცხლის ალი ქარის გამო დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცეცხლმა მიწის 25 ჰექტარი გაანადგურა.