სტამბოლში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დაკავება სტამბოლის ქუჩუქჩეკმეჯის რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს მოხდა.

ჩიხლაძე „თურქეთიდან ხელმძღვანელობდა ქმედებებს, რომლებიც დამოუკიდებლად და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით, ხორციელდებოდა რუსეთსა და აზერბაიჯანში. ის თურქეთის ტერიტორიაზე ბრონირებული მანქანებით გადაადგილდებოდა შეიარაღებული დაცვის თანხლებით და პასუხისმგებელი იყო თურქეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაზე“.

პოლიციის ცნობით, ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც მანამდე, როვშან ჯანიევი (ლენკორანსკი) 2016 წელს მკვლელობამდე უძღვებოდა. ჯანიევი პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალური სამყაროს ლიდერის, ასლან უსოიანის(დედ ხასან) მკვლელობის დამკვეთად იყო ცნობილი.

ჩიხლაძე რუსეთის ფედერაციაში მრავალი დანაშაულის, მათ შორის, მკვლელობების ბრალდებით, საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული და 2020 წლიდან თურქეთში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები