პოლონეთში საქართველოს საელჩოში, საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შესულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.
ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
პედოფილიაში ეჭვმიტანილები 18-დან 55 წლამდე პირები არიან.
შემთხვევა 15 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე ბიტომში მუნიციპალურ აუზზე მოხდა.
პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ აუზზე რამდენიმე ადგილობრივს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდათ. პოლიციის ცნობით, ჯგუფს ბრალად ედებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სოციალურად მიუღებელი ქცევა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ადგილობრივები ანგარიშსწორებას ლინჩის წესით სცადეს, თუმცა, პოლიცია ადგილზე დროულად გამოცხადდა. ვითარება იმდენად იყო გამწვავებული, რომ ძალოვანებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.
არსებული ინფორმაციით, აუზის დაცვამ ორი შეტყობინება მიიღო, ერთი მცირეწლოვანი ბიჭისგან, რომელმაც თქვა, რომ მის სექსუალურ შევიწროებას 50 წლამდე მამაკაცი ცდილობდა, ხოლო მეორე იყო გოგონას დედისგან, რომელიც ასევე აუზში იმყოფებოდა.