რა შესაძლო შედეგების მომტანი იქნება გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის რეგულაცია – ნოე მეგრელიშვილის განმარტება
“გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი აუცილებელი ღონისძიებაა, რომელმაც უპასუხისმგებლო მძღოლები უნდა აიძულოს, გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ერთი დღით ჰყავდეთ, არამედ მთელი წლის განმავლობაში და გამონაბოლქვს ყურადღება მიაქციონ”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეგრელიშვილმა ახალი რეგულაცია შეაფასა, რომლითაც 4 სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება.
“ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ძირითადად, უმსხვილეს ქალაქებში, ცალსახად გვაქვს. ეს ქალაქებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი. 2 პრობლემური დამაბინძურებელია: მყარი ნაწილაკები (pm 10 და pm 2, 5) და აზოტის დიოქსიდი, რომლის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. ევროპაში მსხვილ ქალაქებშიც ასეა და საქართველოშიც არაერთმა დაკვირვებამ, მუდმივმა მონიტორინგმა, პანდემიამ, სხვადასხვა კვლევამ ცალსახად გვიჩვენა, რომ ჩვენს ქალაქებში აზოტის დიოქსიდის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტი და მისგან გაფრქვევებია. მყარ ნაწილაკებს რაც შეეხება – მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ და ჩვენი უმსხვილესი სამრეწველო სექტორი სრულიად ახლებურად დავარეგულირეთ, ცალსახად დადებითი ტენდენცია გვაქვს და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს უფრო მწვავედ აზოტის ორჟანგით დაბინძურების პრობლემა დგას, ვიდრე მყარი ნაწილაკებით დაბინძურებისა. უმსხვილესი საწარმოების მიერ ფილტრაციის სისტემის გამართვამ, უწყვეტი თვითმონიტორინგის დაწყებამ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ხელშესახები კლება მოგვცა, განსაკუთრებით – რუსთავში.
რაც შეეხება აზოტის ორჟანგებს, როგორც აღვნიშნე, მისი უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. ამ მავნე ნივთიერების გაფრქვევა უმთავრესად ავტოპარკის ტექნიკურ გამართულობაზე, ავტომობილის წვის სისტემის მდგომარეობაზე, კატალიზატორების არსებობაზეა დამოკიდებული. საწვავთან თითქმის არ არის დაკავშირებული . მინდა აღვნიშნო, რომ საწვავის ხარისხი დღეს ევრო 5-ია. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხს რეგულარულად, ყოველწლიურად ამოწმებს და მინდა, ვთქვა, რომ ბენზინთან დაკავშირებით პრაქტკიულად არანაირი პრობლემა არ გვიფიქსირდება, დიზელთან დაკავშირებით მცირე პრობლემებია, ძირითადად, გოგირდის შემცველობის კუთხით და არა სხვა ტექნიკური პარამეტრების, რომელმაც შეიძლება, აზოტის ჟანგეულების გაფრქვევების მატება გამოიწვიოს. ავტომობილების ტექნიკური გამართულობა, წვის სისტემის სისრულე, ამ მავნე ნივთიერებებთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ, თავის დროზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემოვიღეთ იმისთვის, რომ ავტომობილები გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში ყოფილიყო და მათი გაფრქვევები არ გადასცდენოდა იმ ნორმას, რაც დადგენილია. ცალსახად ვხედავთ იმ პრაქტიკას და ეს მთელს მსოფლიოშია, საქართველო გამონაკლისი არაა: არიან უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების დღეს აკეთებენ იმას, რომ მათი ავტომობილი გამართულია, ან სხვა საწვავს ასხამენ, ან საწვავის დანამატს იყენებენ, ან ისეთი ფაქტიც გაგვიგია, რომ ძრავის ქირაობაც კი ხდება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ე.წ. ერთი დღით სუფთა ავტომობილის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. ამ მავნე პრაქტიკის მაქსიმალურად შემცირების ერთადერთი გამოსავალი რაც არის, ეს გზებზე გამონაბოლქვის კონტროლია. ესაა ევროპული, თანამედროვე პრაქტიკა. დღემდე არაერთ ევროპულ ქვეყანაში ეს რეგულარულად ხდება. ტექინსპექტირების დროს შეუძლებელია, დაადგინო რა ტიპის საწვავი უსხია მძღოლს, ამის ლაბორატორიულ კვლევას რამდენიმე დღე სჭირდება, ნაქირავები აქვს თუ არა ნაწილი, ამის დადგენაც შეუძლებელია. შესაბამისად, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი აუცილებელი ღონისძიებაა, რომელმაც უპასუხისმგებლო მძღოლები უნდა აიძულოს, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ერთი დღით ჰყავდეთ, არამედ მთელი წლის განმავლობაში, გამონაბოლქვს ყურადღება მიაქციონ”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე განმარტებით, “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” თანამშრომლები ავტომობილს ვიზუალურ გამონაბოლქვს როგორც კი შეამჩნევენ, გააჩერებენ და შესაბამისი ხელსაწყოთი შეამოწმებენ.
“როგორც აღვნიშნე, 4 უმსხვილეს ქალაქშია პრობლემა და შემოწმება სწორედ ამ ქალაქებში იწყება. თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” თანამშრომლები იმოძრავებენ და ვიზუალურ გამონაბოლქვს როგორც კი შეამჩნევენ ავტომობილს, გააჩერებენ, შესაბამისი, თანამედროვე ხელსაწყოთი შეამოწმებენ, თუ ზღვრული ნორმების გადაჭარბება დაფიქსირდება, შესაბამისი სანქციები იქნება: ფიზიკურ პირებზე პირველ ჯერზე 100 ლარი, განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში 300 და მესამე ჯერზე 600. იურიდიულ პირებზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება, განმეორების შემთხვევაში 1 500 ლარია და შემდეგ 3 000-მდე იზრდება.
რა თქმა უნდა, ეს ერთი ქმედება არაა. ამის პარალელურად ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმები შემოვიღეთ. ამასთან, ავტომობილების იმპორტზე “ევრო 5-ის” სტანდარტი შემოდის, ავტოპარკს ვეღარ დაემატება ყველა ტიპის, ყველაზე ცუდი გამონაბოლქვის ავტომობილი. ავტოპარკის გაჯანსაღება, გაახალგაზრდავება დაიწყება. ასევე ვიწყებთ იმ პროცესს რასაც გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი ჰქვია. ყველა ეს ქმედება, ჯამურად, ერთობლივად, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მოგვცემს, პირველ რიგში, აზოტის ორჟანგების შემცირებას ველით. თუმცა, ეს არ არის ერთი დღის ერთი წლის შედეგი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას გარკვეული დრო სჭირდება. ევროკავშირი დაახლოებით 5 – წლიან პერიოდში იღებს, როცა თავის შედეგებს უყურებს. მე არ ვამბობ, რომ შედეგი მხოლოდ 5 წლის შემდეგ გვექნება, მჯერა, რომ შედეგები მალე გამოჩნდება, 5 წლის შემდეგ, ალბათ, ამ პოლიტიკების საბოლოო სურათს მივიღებთ, რამაც აზოტის ჟანგეულობის შემცირება უნდა გამოიწვიოს, გარკვეულად მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებაც, რადგან დიზელისძრავიანი ავტომობილების შავი კვამლი ის საშიში მყარი ნაწილაკებია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას წამლავს.
დამაბინძურებლის (აზოტის დიოქსიდის) ზღვრული ნორმების ორჯერადი გადაჭარბება ~ ძალიან დატვირთულ ქუჩებზე, ძირითადად დედაქალაქში ფიქსირდება, ეს გახლავთ რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, უმსხვილესი გამზირები, სადაც ყველზე დიდი ოდენობით ავტომობილი გადაადგილდება. ჯამურად ყველა ეს ღონისძიება, დიდი იმედი გვაქვს, რომ დამაბინძურებლების მნიშვნელოვან კლებას მოგვცემს. თუ 2-3 წელიწადში ნორმაზე ვერ ჩამოვა, კლების ტენდენცია დაიწყება და შეუქცევადი იქნება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება ამ შედეგს მოიტანს. გარდა ამისა, თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმაზე ვმუშაობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მთავრობა ამ გეგმას დაამტკიცებს. იქ რიგი სხვა ღონისძიებები იქნება გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დედაქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. დიდი ალბათობით, გეგმა არა მხოლოდ დედაქალაქს მოიცავს, ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებები იქნება, რომელიც ყველა ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
თამუნა შეყილაძე