მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ჯანდაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაზე, მკურნალობით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაზიანებების ადრეულ გამოვლენასა და მათ პრევენციაზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს, პროფესიული და აკადემიური წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პაციენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ასეთი პარტნიორობით არის შესაძლებელი.
ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ონკოლოგებმა, ჰეპატოლოგებმა და კარდიოლოგებმა, როგორც საქართველოდან, ისე – თურქეთიდან. ასევე, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კარდიოლოგები და დოქტორანტებიც, რომლებმაც საკუთარი კვლევები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია „კარდიო – ონკოლოგია 2025“ საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.