14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, 1904 წლის 14 ივნისს, მსახიობი ვარსკვლავად მოევლინა ქართულ ეკრანს, ხოლო 1953 წლის 14 ივნისს, საჰაერო კატასტროფის დროს დაიღუპა.
„დღესდღეობით წარმოუდგენელია მე-20 საუკუნის ქართული კულტურა ამ ლეგენდარული მსახიობის გარეშე, რომელმაც პირველმა გაიტანა ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე და მისი პირველი და ერთადერთი დიდი კინოვარსკვლავის სტატუსი დღემდე შეინარჩუნა. მისი კარიერის მწვერვალზე, საბჭოთა კინომ, მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. გამორჩეული გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით, იგი დამსახურებულად იქცა ქართული მუნჯი კინოს ლეგენდად.
სამსახიობო განათლება არ მიუღია, მისი კინოში მოსვლა შემთხვევითმა ფაქტმა განაპირობა – იგი ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე არსებულ ფოტოატელიეს ვიტრინაში ფოტოთი აღმოაჩინა. პირველი როლი ფილმში „არსენა ყაჩაღი“ ითამაშა, შემდეგ იყო არაერთი დასამახსოვრებელი როლი, როგორც ქართულ, ისე გერმანულ, უკრაინულ და რუსულ ფილმებში. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმ „სამი სიცოცხლის“ შემდეგ მოიპოვა.
კარიერის ზენიტში მყოფი მალევე შეხვდა ცხოვრების მთავარ სიყვარულს – დამწყებ რეჟისორს, ნიკოლოზ შენგელაიას. საგანგებოდ მისთვის დადგმულ მელოდრამაში მთავარი როლი შეასრულა და მალევე საკუთარი ბედიც რეჟისორს დაუკავშირა. ქართულ-კავკასიური სილამაზე და ევროპული ყაიდა მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებდა.
საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცულია ნატო ვაჩნაძის ძირითადი არქივი – ხელნაწერი, სურათი თუ ბიოგრაფიული ცნობა. რამდენიმე წლის წინ ხელოვნების სასახლემ ნატო ვაჩნაძის სამუზეუმო ფოტოასლები Hollywood-ის მარგარეტ ჰერიკის ამერიკულ ბიბლიოთეკას გადასცა.
საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი პატივს მიაგებს ნატო ვაჩნაძის ნათელ ხსოვნასა და ქართული – მსოფლიოს კულტურის განვითარებაში შეტანილ მის განუსაზღვრელ წვლილს“, -,აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები