სამცხე-ჯავახეთის სოფელ ბოლაჯურში 1969 წლის 1იანვარს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
სტუდენტობის პერიოდში მისი ნაწარმოებები გაზეთ „წიგნის სამყაროში“ ქვეყნდებოდა, საკუთარ ლექსებს პოეზიის საღამოებზე კითხულობდა…
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია ადიგენის რაიონის სოფელ ჩორჩანში.
წერა სკოლის ასაკში დაიწყო. ათი წიგნის თანაავტორია. საკუთარი კრებული ჯერ არ აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში საბავშვვო ლექსების კრებულის გამოცემას აპირებს. – ფილოლოგისა და მწერლის, ფიქრია ჩხიტუნიძის პერსონა.
– სამცხე-ჯავახეთის სოფელ ბოლაჯურში დაიბადეთ. ყველას მოგვყვება რაღაც ბავშვობიდან, თქვენ რა გამოგყვათ?
– პედაგოგების ოჯახში დავიბადე.უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ვფიქრობ, ბავშვობა ყველაზე მნიშვნელოვანი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის რესურსი, რამაც უნდა ასაზრდოოს ადამიანის შემდგომი ცხოვრება. ჩვენთან სრული იდილია სუფევდა. არასოდეს გვიმაღლებდნენ ხმას დედა, მამა და ბებო… დემონსტრაციულად გვაჩვენებდნენ და გვასწავლიდნენ ერთმანეთის პატივისცემას…
ახლაც, როცა რთული წუთები მიდგას, თვალს დავხუჭავ და ბავშვობაში ვბრუნდები… საოცარი სიმშვიდე შემოდის ჩემში.
– სკოლის დასრულების შემდეგ ფილოლოგობა გადაწყვიტეთ…
– სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. ძალიან მიყვარდა კითხვა. სამი ბიბლიოთეკა იყო ჩემს მშობლიურ სოფელში – სასკოლო,საბავშვო და სასოფლო. სამივეს ხშირად ვსტუმრობდი. შეშფოთებულმა მამამ გადამეტებული კითხვა ამიკრძალა. მე კი წიგნებს ვიპარავდი და სხვენზე განვმარტოვდებოდი ხოლმე. ფილოლოგობა ჩემი მოწოდება იყო.
– პირველი ნაწერები…
– ჩემი პირველი ლექსი შობის დღესასწაულს უკავშირდება. ახალ წელს ჩემი დაბადების დღეცაა. ძალიან მიყვარს შობა.
პირველკლასელი ვიყავი და შობის დღესასწაულის წინ გავცივდი, ავად გავხდი. ისე მოხდა, რომ მშობლიურ სკოლაში საახალწლო კარნავალისთვის როლები წინასწარ დაანაწილეს. მოგვიანებით გამოვკეთდი, მაგრამ ლექსი აღარ შემხვდა. მართალია, მასწავლებელმა დამამშვიდა, თოვლის ბაბუამ იცის, ავად რომ იყავი და საჩუქარს მაინც გადმოგცემსო, მაგრამ მე მინდოდა ეს ყველაფერი სამართლიანად დამემსახურებინა.
ამიტომაც დავჯექი და ლექსი თავად დავწერე. მეც კმაყოფილი დავრჩი და თოვლის ბაბუაც. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი ლექსი.
სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, ზეპირად ვთხზავდი ზღაპრებს უმცროსი ძმებისთვის. პატარა მოთხრობებს ვწერდი ჩემი ბავშვობის მეგობრებზე – ლეკვებსა და ფისოებზე, ვწერდი ბუნებაზე, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა და მიყვარს.
– სტუდენტობის წლები…
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობა ავბედით 90-იანებს დაემთხვა, მაინც ტკბილად და გულის ამაჩუყებლად მახსენდება.
ვამაყობ, რომ ჩემს პედაგოგებს შორის იყვნენ ქართული ლიტერატურის კორიფეები – ალექსანდრე ბარამიძე, ზურაბ კიკნაძე, რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა და სხვები.
სტუდენტობის პერიოდშიც ვწერდი. ვიბეჭდებოდი გაზეთ „წიგნის სამყაროში“, პოეზიის საღამოებზე ვკითხულობდი საკუთარ ლექსებს…
– ადიგენის რაიონის სოფელ ჩორჩანში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლით. რით განსხვავდებიან თანამედროვე თაობები უწინდელისგან? უფრო მეტად უყვართ ლიტერატურა თუ პირიქით?
– ლიტერატურა ბავშვებს ჯერ ოჯახმა და მერე მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ თავად გიყვარს, რასაც აკეთებ და ემსახურები, თავად გწამს, რაზედაც საუბრობ, სიამოვნებით მოგყვებიან. ვცდილობ, გაკვეთილზე ჯდომა არასოდეს იყოს მათთვის დამღლელი და მომაბეზრებელი.
ტექნოლოგიური რევოლუციების ეპოქაში, განვითარებული, დროის მოთხოვნებს მორგებული თაობა მოდის. ზღვა ინფორმაციაზე უჩვენოდაც მიუწვდებათ ხელი. ვფიქრობ, ყველაზე ფასეული, რაც მათ შეგვიძლია მივცეთ, სწორად ცხოვრების წესია.
– თქვენი ნოველები უმეტესად ნამდვილ ამბებზეა დაწერილი… როგორ იწერება ნოველა ან ზღაპარი. შთაგონებას რა გაძლევთ?
– ნოველების დასაწერად განსაკუთრებული ემოცია მჭირდება. შთამაგონებლად ნებისმიერი ყოფითი სიტუაცია შეიძლება იქცეს.
აი, ზღაპრები და საბავშვო ლექსები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ განწყობაზე შემიძლია ვწერო. ამიტომაც ვფიქრობ, ეს სწორედ ჩემი საქმეა.
– ნოველა „ბეღურას ბუდე“ ალბათ ავტობიოგრაფიულია?
– „ბეღურას ბუდე“ ავტობიოგრაფიულია – ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაა და ერთი ფაქტიც არ არის გამოგონილი.
ზოგადად, ძალიან მინდა პროზის წერა, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არასოდეს მყოფნის. სოფლის მეურნეობაში საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული.
– სოფლად ცხოვრობთ… დღეს სოფლები ცარიელდება, რაც ტრაგედიაა. როგორ დავიბრუნოთ ჩვენი სოფელი?
– გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. სოფელი, ბუნებასთან სიახლოვე, ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა გიყვარს მიწა, მისგან უზარმაზარ ენერგიას იღებ. ხშირად ვამბობ ხოლმე, ჩემი სული მთასა და ტყეშია – მეთქი!
უფროსი ვაჟი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ ქალაქში ჩასვლაც მიწევს არცთუ იშვიათად, მაგრამ მალევე უკან გამოვრბივარ. თავისუფლად მხოლოდ სოფელში ვსუნთქავ.
რაც შეეხება მიგრაციას, თავადაც ხშირად მიფიქრია ამაზე. ახალგაზრდობის სოფლად დასაკავებლად, უნდა იყოს მათი დასაქმების საშუალება. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს კულტურული დასვენებისა და გართობის ადგილები.
– ზღაპრები, ნოველები, ლექსები – ვინ არიან თქვენი ნაწარმოების პირველი მკითხველები?.. გიწვევენ შეხვედრებზე, რაც ალბათ დიდ სტიმულს გაძლევთ?
– როცა ჩემი შვილებისთვის ვწერდი ზღაპრებს, რასაკვირველია, ისინი იყვნენ პირველი მსმენელები და მკითხველებიც.
დღეს მეუღლეა ჩემი პირველი შემფასებელი. ისიც ფილოლოგია და მის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
სკოლებში მიწვევა, ბავშვების მიერ წაკითხული ჩემი ლექსების მოსმენა უდიდესი სიხარულითა და სიამაყით მავსებს, რა თქმა უნდა, სტიმულსაც მაძლევს, რომ ყველაფერი ათმაგი ხალისით ვაკეთო.
– უამრავი საბავშვო ლექსი და ზღაპარი იწერება… როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ მოგვწონს საბავშვო ნაწერები, მათი ავტორები ბავშვებივით ალალები რომ არ არიან?
– მთლად ასეც ვერ ვიტყოდი. ირგვლივ ბევრი საინტერესო საბავშვო ავტორია. ზოგიერთ მათგანთან კიდევაც ვმეგობრობ.
ბევრი საბავშვო მწერალი მომწონს, მაგრამ ჩემთვის სამწერლო სფეროში და ნებისმიერ პროფესიაში ჯერ პიროვნება და ღირსებაა მთავარი! იმედი მიცრუვდება, თუ ადამიანი სულმოკლეობაში დავიჭირე. თავად უნდა იყო მაგალითი ზნეობისა. ეს განსაკუთრებით საბავშვო მწერლობას ეხება. ბავშვებს ვერ მოატყუებ.
– თქვენი სტატუსი ვნახე ფეისბუქზე, დიდაქტიკურ ნაწარმოებზე იყო საუბარი, რომელიც თურმე აღარ სჭირდება მომავალ თაობას, რადგან კულტურულ ღირებულებებზე აღარაა ორიენტირებულიო… ეს ალბათ უკვე საგანგაშოა…
– თვალებს არ ვუჯერებდი, როცა კომენტარებში ამოვიკითხე – დიდაქტიკური ნაწარმოები, თანამედროვე გაგებით და მხატვრული თვალსაზრისითაც, სუსტად ითვლება, რადგანაც ახალი თაობა კულტურულ ღირებულებებზე აღარაა ორიენტირებულიო… სწორედ ეს ტენდენცია მიმაჩნია საგანგაშოდ.
გამოდის, უმიზნოდ იწერება წიგნი, უფუნქციოდ იქმნება ლიტერატურა და ასე ხელაღებით უარს ვამბობთ საუკუნოვან ცოდნასა და გამოცდილებაზე?
კეთილი და ბოროტი ცხოვრებისეული მოცემულობაა, მაგრამ ჩვენ რომელ მხარეს ვიქნებით, ამას ხომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს!
განა ბავშვს გეზი არ უნდა მისცე, სიყვარული და ემპათია არ უნდა ასწავლო?
არ მინდა ვინმეს კონსერვატორი ვეგონო. მე ყოველთვის ახალი თაობის მხარეს ვარ, მიყვარს განახლების პროცესი, წინსვლა, მაგრამ არასოდეს მოვუწოდებ გზისკენ, რომელსაც არა აქვს მომავალი, რომელიც არსაით მიდის!
ეს იმ ტოტის მოჭრაა, რომელზედაც ვსხედვართ და შედეგად, მივიღებთ ცივ, უსულგულო სამყაროს! მე, პირადად, ასეთ სამყაროში არაფერი მესაქმება!
– როგორ უნდა შემოვაბრუნოთ ახალგაზრდობა წიგნისკენ?
– ცალსახად – პირადი მაგალითით. ოჯახში, სადაც უყვართ კითხვა, პატივს სცემენ ლიტერატურას, პატარებიც ეჩვევიან წიგნთან ურთიერთობას.
– ჰობი…
– ლაშქრობა, ფეხით სიარული. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს ყველა კუთხეს ფეხდაფეხ დავივლიდი…
– ოჯახი… მეუღლე თქვენი შთაგონების წყაროა…
– მე და ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. თუმცა ისიც სამცხე-ჯავახეთიდანაა.
ვისაც „ბეღურას ბუდე” წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს. ეს არის ქართულ მიწა-წყალზე ავადმყოფურად შეყვარებული ადამიანი. ჩვენში ამბობენ, კაცმა თავი ვალმოხდილად რომ ჩათვალოს, ხე უნდა დარგოს და ვაჟი უნდა გააჩინოსო.
ვაჟებიც გავაჩინეთ. ჩემი მეუღლის დამყნობილ-გახარებული ნერგები კი ათასამდე ვითვალე და მერე სათვალავი ამერია.
ჩვენი აივნის დირეებზე მერცხლები სახლობენ. ერთ წელიწადს სახლის მოწყობა სწორედ ამ მიზეზით გადავდეთ…
ორივეს გვიყვარს ცოცხალი ბუნება და შრომა. ამ მხრივ შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს.
გვყავს ორი ვაჟი. უფროსი – მუხრან გოგატიშვილი იურისტია, უმცროსი – მახარე გოგატიშვილი – აგროტექნოლოგი.
საკუთარი შვილების ქებას არ დავიწყებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – მათ იციან სიტყვის წონა და ადამიანის ფასი.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი შვილიშვილი მყავს – სამი წლის სოფიო.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა საბავშვო ლექსების კრებული გამოვცე. ვმუშაობ საყმაწვილო მოთხრობებზე, საბავშვო პიესებზე.
რამდენიმე პროექტი წამოვიწყე. აუცილებლად დავასრულებ, თუ ღვთის ნება იქნა.
თამარ შაიშმელაშვილი